logo_geo
eng_logo
ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას
- +

11 სექტემბერი. 2016. 12:59


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს. ერთ-ერთი პუნქტი სოციალური დაცვის განვითარებიდან გულისხმობს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლისთვისაც „ქართული ოცნება" სხვადასხვა რეფორმის გატარებას გეგმავს.

 

 

„ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ისეთი მშენებლობები, როგორიცაა ზუგდიდში 26 თორმეტსართულიანი კორპუსი 2000 ოჯახისთვის, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი 2200 ოჯახისთვის, გორში 8 ათსართულიანი კორპუსი 480 ოჯახისთვის, წყალტუბოში 8 ათსართულიანი კორპუსი 560 ოჯახისთვის და მცხეთაში 2 კორპუსი 130 დევნილი ოჯახისთვის. დამატებით, 2017 წელს გორში დამთავრდება 32-ბინიანი ახლადაშენებული კორპუსის რემონტი, ბორჯომში კი 64-ბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია. მოხდება 2000-მდე ბინის შესყიდვა მენაშენეებისგან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში მოხდება სულ მცირე 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც (სხვენები, სარდაფები და სხვ.). გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. ამ პროექტის ფარგლებში, სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის როგორც ქალაქებში, ისე სოფლად. მნიშვნელოვნად გაძლიერდება მხირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. გაგრძელდება ემიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი. დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლების შეძენა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner