უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმის მიზეზებზე, თუ რაა რეალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინული სამხედრო ძალები ისეთი ტემპებით წინ ვერ მიიწევენ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფ-16 ის სამხედრო თვითმფრინავების მიღება რა კორექტივებს შეიტანს უკრაინული ჯარის მოქმედებაში - „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.
- ბატონო ოლეგ, თვალს ვადევნებთ უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი ისმის იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგებზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მომავალში ევროპისა და მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოების სისტემა, უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე სერიოზული ცვლილებები ხდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ მხარეები პრაქტიკულად იმავე პოზიციებზე დგანან, რაც 2-3 თვის, ან თუნდაც 6 თვის წინ?
- საქმე იმაშია, რომ ფრონტებზე არსებული ვითარება უკრაინაზე დამოკიდებული არ არის.
დღეისათვის მხარეებს შორის მიღწეულია პარიტეტი. ომში ჩართულ არც ერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება, განახორციელოს წარმატებული შეტევა. სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი უკრაინაზე მეტად ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ასეთი ვითარება იმის გამოა ჩამოყალიბებული, რომ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომსა და ამ ომში უკრაინის გამარჯვებას მსოფლიოში ახალი წესრიგის შექმნასა მშენებლობაში.
დასავლელ პარტნიორებს ძირითადად ესმით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ამ ომში გამარჯვებისა და უკრაინის დამარცხების საშუალება. მაგრამ, როცა საკითხი ეხება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროში სწრაფად მიწოდებას.
ეს კი ისაა, რაც დღეისათვის არ სრულდება ჩვენი პარტნიორების მიერ. ამიტომაცაა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ის სიტუაციაა, რასაც ვხედავთ.
- დღე არ გავა, რომ არ წავაწყდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინას ევროპის რომელიმე ქვეყანამ, ანდაც აშშ-მ სამხედრო ტექნიკა არ გადასცა. ბრძანეთ, რომ უკრაინის ჯარს აკლია სამხედრო ტექნიკა.
სამხედრო ტექნიკის არასაკმარისად ქონის თვალსაზრისით, დღეისათვის ყველაზე მეტად უკრაინის ჯარს რისი არქონის პრობლემა აქვს?
- დიახ, სამხედრო ტექნიკას უკრაინა ლამის ყოველ დღე თუ არა, კვირაში ორჯერ ან სამჯერ იღებს. საქმე ისაა, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა-რუსეთის დღევანდელი ომი თავისი მასშტაბებით, საბრძოლო ტექნიკის ხარჯვის თვალსაზრისით პირველი მსოფლიო ომის მასშტაბებს უტოლდება.
დღისათვის, თითქმის ორწლიანი ომში არტილერიას გახარჯული აქვს მილიონობით სამხედრო მასალა. თან ორივე მხრიდან. გენერალი ზალუჟნი წელს იანვარში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა რომ უკრაინას სჭირდება 300 ტანკი, 500 საარტილერიო დანადგარი, 700 ბრონირებული მანქანები. ამ მოცულობის ტექნიკა უკრაინამ მიიღო, მაგრამ, 9 თვიან ინტერვალში.
ომი დინამიკური პროცესია. ომს ახლავს ბრძოლებში დანაკარგები, თან ისეთი, რომელიც აღდგენას რომ არ ექვემდებარება. ომი ემსგავსება პაციენტის წვეთოვანზე დამოკიდებულებას, რომელიც მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ პაციენტი არ გარდაიცვალოს.
უკრაინას სჭირდება სამხედრო ტექნიკის მასშტაბურად მიწოდება. დაახლოებით ისეთი მიწოდება, რომელსაც სსრკ მეორე მსოფლიო ომის დროს იღებდა მოკავშირეებისგან. ასეთ რამ კი ახლა არ ხდება.
- ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთმა სამხედრო ტექნიკის გამოშვება დაიწყო. მეტიც, ეკონომიკა ომის რელსებზე გადაიყვანა.
უკრაინა კი თითქმის სრულადაა დამოკიდებული მოკავშირეების მიერ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. აქვს თუ არა უკრაინას სამხედრო მრეწველობა და საშუალება, თავად აწარმოოს სამხედრო ტექნიკა?
- რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს სამხედრო მრეწველობა. უკრაინა ცდილობს თავად აწარმოოს სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები. უკრაინა უშვებს ნაღმმტყორცნებს, დაიწყო „საუტის“, „ბოგდანის“ მსგავსი დანადგარების წარმოება. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო არ ვრცელდება ინფორმაცია რა რაოდენობის მასალები მზადდება. უკრაინა სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის სანქციები არ აქვს დაწესებული და შეზღუდული არაა.
უკრაინის პრობლემა, მისი ტერიტორიაა. ვგულისხმობ იმას, თუ სად შეიძლება იყოს ეს წარმოებები განთავსებული, რომ მათი დაცვა შესაძლებელი იყოს და პრობლემა არ იყოს.
რაც შეეხება რუსეთის სამხედრო კომპლექს, როგორც ანდაზა გვასწავლის - „ეშმაკი ისეთი საშიში არაა, როგორც მას ხატავენ“. რუსული პროპაგანდა სამხედრო სფეროში დიდ წარმატებებზე ზღაპრებს ჰყვება. ახალი ტიპის ტექნიკის გამოშვება კი ხდება, მაგრამ მცირე რაოდენობით და თვეებსა და მაქსიმუმ ერთ წელზეა გათვლილი.
ის ტექნიკა, რომლის მოდერნიზებას რუსეთი ახერხებს, მხედველობაში მაქვს ტ-62-ის მოდერნიზება, ტანკს ახალი ჯავშანი უკეთდება და ღამის ხედვის ახალი სისტემა უმაგრდება, რაც ძველს არ ჰქონდა. სულ ესაა მათი მოდერნიზაცია, რასაც ბრძოლის ველზე ვხედავთ.
რუსული პროპაგანდა რასაც უნდა, იმას იტყვის. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს რუსული სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია.
- ფ-16 თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ, ამ მიმართულებით რეალურად რა ხდება?
- ვფიქრობ, რომ უკრაინა ფ-16 ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას იანვარ-თებერვალში მიიღებს. სულ მალე რუმინეთში ფ-16 უკრაინელი მფრინავები დაიწყებენ საბრძოლო ფრენებისთვის მზადებას.
მათ გაიარეს ინგლისური ენის სწავლების ეტაპი, ტრენაჟორებზე სწავლებები. გარდა ამისა, უკრაინელ მფრინავებს ამერიკაში ამზადებენ და იქაც მათი სწავლება მალე დასრულდება. შეთანხმების შესაბამისად ფ-16 ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას უკრაინა დანიისა და ნიდერლანდებისაგან მიიღებს.
- რა კორექტივებს შეიტანს საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებაში ფ-16-ების გამოჩენა?
- ფ-16-ის ტიპის თვითმფრინავების უკრაინულ შეიარაღებაში გამოჩენა უკრაინას საშუალებას მისცემს ჰაერში პარიტეტი დაარღვიოს უკრაინის სასარგებლოდ. ახლა ჰაერში უპირატესობა რუსულ ავიაციას აქვს.
ფ-16 გამოჩენა უკრაინას საშუალებას მისცემს, ჰაერიდან უზრუნველყოს სახმელეთო ძალების მოქმედება ხმელეთზე.
- რუსები ხშირად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. როგორც ჩანს, კიევი და მისი შემოგარენი მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ, რაა მიზეზი იმისა, რომ აქამდე ვერ მოხერხდა რუსული ავიაციისთვის უკრაინის ცის დახურვა?
- საქმე ისაა, რომ დღეისათვის უკრაინას არ აქვს საკმარისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ჰაერსაწინააღმდეგო კარგი გერმანული სისტემა „ირისტე“ უკრაინას მხოლოდ სამი აქვს. ნორვეგიულ-ამერიკული „ნასამსის“ სისტემა გვაქვს, მაგრამ, არასაკმარისი. ქვეყნის ფართობი დიდი გვაქვს. წლის ბოლომდე უკრაინა გერმანულ კიდევ 2 სისტემას მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ახლა კიევში იმყოფება თქვა.
ეს სისტემები კარგია, მაგრამ მათი მოქმედების რადიუსი მხოლოდ 40 კილომეტრია. უკრაინის ტერიტორია კი 1000 კილომეტრია 1000 კილომეტრზე. ფაქტია, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აქვს. ჩვენ ამის ნაკლებობას სხვა სისტემებით კომპენსირებას ვცდილობთ. როგორც გითხარით, ქვეყნის ტერიტორია ძალიან დიდია და შესაბამისად მისი ჰაერიდან დაცვა პრობლემად რჩება.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო სტატისტიკით რუსები უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას რაკეტებს შეზღუდულად იყენებენ. მეტიც, რაკეტებს მხოლოდ იშვიათადაც კი იყენებენ. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული საჰაერო სისტემა მოწინააღმდეგის „შახიდების“ 80-90% ანადგურებს.
- მალე 2 წელი იქნება, რაც მიმდინარეობს უკრაინა-რუსეთის ომი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა ახლა რაში მდგომარეობს? აზოვის ტბაზე პოზიციების დაკავება და ყირიმის ნახევარკუნძულთან მიახლოებაა?
- უკრაინის არმიის მიზნები იგივეა, რაც ერთი წლის წინ - ხმელეთზე გადაიჭრას რუსული კორიდორი, ეს უახლოესი მომავლის მთავარი ამოცანაა.
საქმე ისაა, რომ მისი აღსრულების ვადები სხვადასხვა მიზეზთა გამო ცოტა იცვლება. ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მიზნები ალბათ უფრო გაზაფხულისთვის იქნება მიღწევადი.
- ანუ, ზამთარშიც არ უნდა ველოდოთ ფრონტებზე ცვლილებებს?
- ბრძოლები ფრონტებზე ახლაც მიდის და დარწმუნებული ვარ, ზამთარშიც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თოვლი მოვიდა და წვიმს, ყოველ დღე მიმდინარეობს ბრძოლები.
ბახმუტის მიმართულებაზე რუსული მხრიდან ადგილი ჰქონდა 21 შეტევას. ყველა შეტევა წარუმატებელი იყო. მტერს აქვს დიდი დანაკარგები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მტერი „ვაგნერელების“ ტაქტიკას ახლაც იყენებს. ანუ, ცოცხალი ძალა ცდილობს შეტევის განხორციელებას და შედეგად ძალიან ბევრი დანაკარგი აქვთ.
რაც შეეხება ტექნიკას. აშკარაა, რომ რუსები ცდილობენ ტექნიკის ეკონომიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის ნაკლებობა აქვთ. სხვადასხვა მონაცემებით, რუსული მხარის ნაწილები მხოლოდ 30-40%-ით არიან დაკომპლექტებული.
სამწუხაროდ, ახლა ომი პოზიციურია, ორივე მხარე ცდილობს მოწინააღმდეგის გამოფიტვასა და დაუძლურებას.
- რას იტყოდით უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელ მდგომარეობაზე?
- უკრაინული ჯარში საბრძოლო სულისკვეთება საკმაოდ მაღალია. ყველაფრის მიუხედავად ჯარი ძლიერდება იმის გამო, რომ იღებს საბრძოლო გამოცდილებას. რაც მეტი დრო გადის უკრაინულ შეიარაღებაში ნაკლებია სსრკ-ს დროინდელი ტექნიკა. ომის მსვლელობისას უკრაინული ჯარის გადაიარაღება ხდება.
ახლა უკრაინულ ჯარს აკლია სამხედრო ტექნიკა, რომ განახორციელოს წარმატებული შეტევითი ოპერაციები. უკრაინა თავდაცვით ოპერაციებს თავდაჯერებულად და ეფექტურად აწარმოებს და მაქსიმალურ ზიანს აყენებს მტერს.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, სავარაუდოდ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი. სხვადასხვა ვადები სახელდება.
სავარაუდოდ, რამდენი დრო დასჭირდება უკრაინას იმ დასახული მიზნების განსახორციელებლად, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს განსაზღვრული? მხედველობაში მაქვს ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების განთავისუფლება?
- მე ასე გეტყოდით - რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა- რუსეთის ომი, ამ კითხვის ადრესატი თეთრი სახლია. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თეთრ სახლში იციან.
რატომ? იმიტომ რომ, თუ ხვალ უკრაინას ყველა იმ ტექნიკას მიაწვდიან, რაც საჭიროა ოკუპანტების დასამარცხებლად, უკრაინას შეუძლია რამდენიმე თვეში რუსეთის დამარცხება. ეს ეხება ტერიტორიების გათავისუფლებასაც და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის განადგურებას.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აშშ-ს თავისი ხედვა აქვს ამ სამხედრო კამპანიის დასრულებასთან დაკავშირებით. ამიტომაცაა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა პროგნოზი უსარგებლოა.
უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ სწრაფად დაძლევდა რუსულ წინააღმდეგობას, მაგრამ ასე არ მოხდა. უკრაინამ ვერ შეძლო ნატო-ს ტაქტიკის გამოყენება, რადგან ნატო-ს ტაქტიკა შეტევის დაწყებამდე მტრის დისტანციურ დამარცხებას ითვალისწინებს. ამის გაკეთება ავიაციას და რაკეტებს შეუძლიათ. უკრაინას არც ერთი აქვს და არც მეორე. ახლა უკრაინას რაკეტები მისცეს, მაგრამ, აშკარად არასაკმარისი. რაც ავიაციას ეხება, ამაზე უკვე ვისაუბრე.
ამიტომ, სამწუხაროდ, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ამის თქმა ძნელიცაა და შეუძლებელიც. თუ ამერიკა და ევროპა გააცნობიერებენ, რომ საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება მასშტაბურად და სწრაფად, მაშინ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომი 2024 წელს დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ საკითხი ღია დარჩება.
- მესმის რომ სამხედრო ექსპერტი ბრძანდებით და ძირითადად სამხედრო საკითხებზე საუბრობთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - ევროპასა და ამერიკაში გახშირდა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი.
კიევი ამგვარ შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს. შემდეგ, ამ თემაზე ისევ იწყება მსჯელობა სხვადასხვა დონებზე.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს საუბრები მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებაზე?
- მოლაპარაკებების დაწყების თემა რუსეთის ნარატივია. რუსეთი ცდილობს მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას. რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან, მედიებთან, ცალკეულ ჟურნალისტებთან იმისთვის, რომ მედიაში აქტუალური გახადოს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის თემა.
საქმე ისაა, რომ 17 დეკემბერს იწურება ვადა, როცა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა განაცხადონ იღებენ თუ არა მონაწილეობას 2024 წლის 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საქმე ისაა, რომ 17 დეკემბერს იწურება ვადა, როცა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა განაცხადონ იღებენ თუ არა მონაწილეობას 2024 წლის 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განცხადების შესატან აუცილებელ 90 დღეს უკან გადმოვითვლით, ეს თარიღი 17 დეკემბერია. პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა უკრაინასთან ომში გამარჯვება. როგორც ჩანს, რუსული ძალები ამის გამო არ ერიდებიან დიდ დანაკარგებს ოთხივე ოპერატიულ მიმართულებაზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ საპრეზიდენტო კომპანიის მსვლელობისას პუტინს სჭირდება უკრაინის ფრონტებზე იყოს სიწყნარე და სიმშვიდე. არ უნდა რომ უკრაინა შეტევაზე გადავიდეს და უკრაინას რაიმე წარმატება ჰქონდეს. ასე რომ მოხდეს საფრთხე დაემუქრება მის წარმატებულ საპრეზიდენტო კამპანიას.
რაც შეეხება საუბრებს მოსკოვთან მოლაპარაკებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ პრესაში ამ თემაზე ისმის მსჯელობები, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია ასეთია - დღეს კრემლთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმაც თქვა იგივე. ამიტომ, ამ თემაზე მსჯელობები მხოლოდ რუსული პროპაგანდის ინტერესებშია.
- პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვი კიევში ამზადებს „მაიდანს“, რომლის მიზანი მისი თანამდებობიდან გადაყენებაა.
გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი რუსეთზე მუშაობს. რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები?
- ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ამ კითხვების ადრესატი პრეზიდენტი ზელენსკია და მან ამ საკითხებზე თუ რამ მეტი იცის, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია თავად უნდა მიაწოდოს. მეტს ვერაფერს გეტყვით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი