პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამაში საუბარია ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი განათლება. განათლების სისტემა იქნება ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიაზე ორიენტირებული. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ საქართველოს განათლების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს და რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.
- საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო;
- ადრეული სკოლამდელი განათლების თანაბარი მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ერთიანი ხარისხის სტანდარტები, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მაღალი სტანდარტები, კვებისა და ჰიგიენის ერთიანი სტანდარტი. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და არაძალადობრივი გარემო;
- ამოქმედდება აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტი. დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდე-პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია, კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აგრეთვე სკოლამდელ განათლებაში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება სოციალური გარანტიების გაუმჯობესებით;
- გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი, რომელსაც არ ექნება ფორმალური ხასიათი, არამედ რეალურად უზრუნველყოფს მაღალი მოთხოვნების შესრულებას;
- გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი დაწესებულებების დაფუძნება;
- წინასასკოლო ასაკის მოზარდებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლის ბაზაზე", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.