საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იუდიტ ვარგას შეხვდა. მინისტრმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა. იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირში გაწევრება არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო და რჩება ამ პროცესის აქტიურ მხარდამჭერად.
ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ამისთვის პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს, მეტი ეფექტიანობისთვის კი შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა; ამასთან, საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდა ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელო და სასწავლო მოდული.
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ თანამშრომლობას 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რატი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში.
იუდიტ ვარგასთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.