ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა სამხრეთ კორეასთან 2018 წელს მიღწეული შეთანხმება სამხედრო სფეროში დაძაბულობის შემცირების შესახებ. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
„უარს ვამბობთ სამხედრო სფეროში დაძაბულობის შემცირების მიზნით მიღებულ ზომებზე - ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, და განვათავსებთ ძლიერ ჯარს და თანამედროვე შეიარაღებას მოსაზღვრე რაიონებში“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
ფხენიანმა სეული პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ქმედებების გამო სიტუაცია უკონტროლოდ იქცა.
მანამდე სამხრეთ კორეამ ნაწილობრივ შეაჩერა 2018 წელს მიღწეული შეთანხმების აღსრულება, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ გაავრცელა ინფორმაცია კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის წარმატებით გაშვების შესახებ.