„საქართველოს წევრობა ევროკავშირს გაამდიდრებს. თქვენ შეგიძლიათ ბულგარეთის იმედი გქონდეთ, ბულგარეთის ძლიერი ხმისა და ჩვენი უპირობო მხარდაჭერის“, - ამის შესახება ბულგარეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა, შენგენისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარემ, კირილ პეტნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბულგარეთი მოუწოდებს ევროკავშირს გაფართოებისკენ და წევრობის სურვილის მქონე ქვეყნების დასაწინაურებლად სწრაფი სვლისკენ.
„ბულგარეთი მიიჩნევს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ბულგარეთიდან ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს პოზიცია ქვეყნის პრემიერმა შარშანაც დააფიქსირა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კარგი იქნება და მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
შავი ზღვა პრიორიტეტია, გვაქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელია და საქართველოს წევრობა ევროკავშირს გაამდიდრებს. თქვენ შეგიძლიათ ბულგარეთის იმედი გქონდეთ, ბულგარეთის ძლიერი ხმისა და ჩვენი უპირობო მხარდაჭერის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე ვართ. ამ ახალ გარემოში თითოეულ ქვეყანას, ვინც აფასებს და პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას აუცილებელია მათი ინტეგრაცია მოხდეს და თან რაც შეიძლება სწრაფად.
ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ დანარჩენ მსოფლიოს, ვისაც არ აქვს ასეთი ღირებულებები, რომ თანამოაზრე ქვეყნების ერთობლიობა დიდი სიმდიდრეა, ერთ ოჯახში ყოფნით ერთმანეთს ვაძლიერებთ. ბულგარეთი მოუწოდებს ევროკავშირს გაფართოებისკენ და წევრობის სურვილის მქონე ქვეყნების დასაწინაურებლად სწრაფი სვლისკენ. ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ გავლენის სფეროების მოპოვების სურვილი არის წარსული და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს მომავალი და საკუთარი ბედი გადაწყვიტოს. ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მიზნების მიღწევაში ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ინტეგრაციის სურვილი და ენთუზიაზმი“, - განაცხადა კირილ პეტნიკოვმა.
ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზადაა გაწევრიანების გზაზე დაეხმაროს. ბულგარეთშია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც დილიდან შეხვედრებს ბულგარეთის პარლამენტში მართავს.