"საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ყოველთვის კეთილსინდისიერი მოთამაშე იყო. ასე ვმუშაობდით, როდესაც დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, 12 რეკომენდაციის შესრულება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში განაცხადა.
„ასეთივე განწყობით ვმუშაობთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმ 9 ნაბიჯის გადასადგმელად, რაც განსაზღვრულია ევროკომისიის კომუნიკაციაში. მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ვაჩვენოთ ნაბიჯები, რაც დაკავშირებულია წინსვლასთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან მივიღოთ ადეკვატური შეფასებები“, -აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზადაა გაწევრიანების გზაზე დაეხმაროს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს დილიდან მართავს.