"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ახალი ევროპული გეგმის განხორციელება იქნება ერთგვარი ტესტი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ისინი რეალურად მომავალს უყურებენ, თუ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ისაუბრა, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიისგან მიღებული 9 პირობის შესრულებაში.
„პირველი ტესტით ჩაჭრილები და მეორე ტურში გადასულები უკვე გამოჩნდნენ. ჩაჭრილები არიან, რომლებიც გამოვიდნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ეს საშინელება დაგვაკისრა ევროკავშირმა. ნახეთ, ხელისუფლებას იგივე პუნქტებიც კი რჩება ამ 9 დათქმაში, რომელიც ეწერა 12 რეკომენდაციაშიო. ასეთია მაგალითად, 2024 წლის არჩევნების ჩატარება დემოკრატიულად.
რა თქმა უნდა, ეს დარჩებოდა, რადგან არჩევნები მომავალ წელსაა და 12 რეკომენდაცია წელს სრულდება. ის, რაც მომავალ წელს უნდა შესრულდეს, დარჩება ევროკავშირის სამომავლო, სამუშაო გეგმაში. ამით ახლა ამ გეგმის დემონიზება უნდათ, რომ შემოგვაჩეჩეს, თავს მოგვახვიეს, ეს იყო მათი რიტორიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.