ავტორი თაკო კვარაცხელია
მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე „სახლში წავიდა“, 20 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბრიდან 20 წლის შემდეგაც კი, ისტორიას თავისი სახელი ყველაფრისთვის ჯერ კიდევ არ დაურქმევია... რა მოვლენა იყო ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში, რა შეცვალა და რა მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას და, რატომ ეწოდა რევოლუცია ტიპიურ სახელმწიფო გადატრიალებას... - „რეპორტიორის“ სტუმარი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაიხსენებს 20 წლის წინ მომხდარ მოვლენებს, რომლის მძიმე შედეგებს საქართველო ახლაც იმკის...
- ქალბატონო ნანა, 20 წლის გადასახედიდან რომ შევაფასოთ ის მოვლენა, რასაც ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციას“ უწოდებენ... რა შევცვალეთ 20 წლის წინ ამ დღეს, რა შედეგი მიიღო საქართველომ შევარდნაძის „სახლში გაშვებითა“ და სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოყვანით და რეალურად იყო თუ არა რევოლუცია ის, რასაც „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) იმ პერიოდში, ვინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ სახელმწიფო გადატრიალებას, ის შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, აღმოჩნდა იმაზე უარესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულად დამაზიანებელი იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოვლენა აღმოჩნდებოდა არათუ დამაზიანებელი, არამედ დამანგრეველი ქართული მენტალობის, ცნობიერებისა და ფუნდამენტისა! „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა რევოლუცია, ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, რომელშიც ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი იყო ჩართული, გარდა პრეზიდენტისა. მის მომწყობთა შორის იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე, მთავარი პროკურორის მოადგილე, ანუ ნინო ბურჯანაძის ქმარი ბადრი ბიწაძე და მთელი სახელისუფლებო კოჰორტა. რევოლუციად არ შეიძლება მოინათლოს ის, რაც არ მოუხდენია ხალხს და რაც დაგეგმეს და განახორციელეს უმაღლესი თანამდებობის პირებმა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად.
- თუმცა, ქალბატონო ნანა, შევარდნაძის პერიოდს ხომ მართლაც უამრავი ნაკლოვანება ახასიათებდა და იმ სისტემის შეცვლა ხომ აუცილებელი იყო?
- შევარდნაძის პერიოდში მართლაც იყო პრობლემები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეს იყო - კორუფცია, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებდა, მაგრამ რა მივიღეთ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდგომ? მივიღეთ ელიტური კორუფცია, რამაც საერთოდ ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. შევარდნაძის მმართველობა ხალხისთვის მართლაც მოსაბეზრებელი იყო და სწორედ ამით ისარგებლეს „გადამტრიალებლებმა“ - სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ. პრობლემები იყო თავისთავად, მაგრამ ეს პრობლემები 23 ნოემბრის შემდგომ არათუ არ მოგვარებულა, არამედ ვითარება ქვეყანაში კატასტროფულად დამძიმდა. შევარდნაძის დროს ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი მედია, სადაც ნებისმიერ რიგით მოქალაქესაც კი შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება, იმავე პერიოდში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები იყვნენ და ქვეყანაში ამინდს ქმნიდნენ, მუშაობდა ომბუდსმენის ინსტიტუტი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ეს საუკეთესო პერიოდი იყო. რა ხდება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, ჩართული იყვნენ მედია და არასამათავრობო ორგანიზაციები? მოხდა ის, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად დაცარიელდა. ისინი ან პოლიტიკაში მოვიდნენ და თუკი ვინმე შემორჩა სექტორს, ყველანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის „ჯიბის არასამთავრობოებად“ გაიქცნენ. რაც შეეხება მედიას, დამოუკიდებელი მედიები დაიხურა, მათ შორის ტელეკომპანია „იბერია“, ტელეკომპანია „იმედი“ კი, სასტიკად დაარბიეს, ასფალტზე დაყარეს ჟურნალისტები (მათ შორის, ფეხმძიმე ჟურნალისტი) და მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ. დამოუკიდებელი გაზეთები ბაზრიდან გაქრა, ყველა მათგანი ხელისუფლების სამსახურში ჩადგა ან დაიხურა. დამორჩილებულ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს დიქტატიც აღარ სჭირდებოდათ, მათ თავად გაუჩნდათ თვითცენზურა და თავადვე დაიწყეს საკუთარი სიტყვის გაკონტროლება. ხელისუფლებამ მმართველობის სტილად საზოგადოების დაშინება აირჩია, რაც გამოიხატება ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების რაოდენობაში. ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე 200-მდე ადამიანი გამოაცხადეს კრიმინალად და ქუჩაში ჩახოცეს! არ უნდა დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, როგორი სასტიკი რეჟიმი დააწესეს მათ ციხეებში, სადაც პატიმართა წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და გაუპატიურება დაიწყეს... პატიმართა რაოდენობითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ვიყავით და პატიმართა მიმართ მოპყრობა იმდენად სასტიკი იყო, რომ სწორედ ამის ხარჯზე იკლო კრიმინალმა. ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, იქიდან გაუბედურებულები გამოვიდოდნენ, თუკი საერთოდ გამოვიდოდნენ ცოცხლები.
- ციხეში შექმნილმა მდგომარეობამ, გარეთ მყოფ ადამიანებზეც იმოქმედა, ბუნებრივია...
- რა თქმა უნდა, ციხეებში შექმნილმა სასტიკმა რეალობამ დამთრგუნველად იმოქმედა ადამიანებზე. ხალხმა მალევე გაიგო, როგორი მეთოდებითაც იმართებოდა ციხე და ამან საზოგადოებაში პანიკა შექმნა. არა მარტო ციხეში წასვლის შიში გაუჩნდათ ადამიანებს, არამედ, როგორც კი მოითხოვდა პროკურატურა ადამიანების რეკეტს, ხალხი „დიდი სიხარულით“ გარბოდა საკუთარ ქონების ხელისუფლებისათვის სასურველ პირებზე გადასაფორმებლად, რათა ამის სანაცვლოდ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ხდებოდა ადამიანების გაკულაკება და ხალხს საბჭოთა პერიოდში შეძენილი ქონებაც კი წაართვეს. აი, ეს იყო ის ცხრა წელი, რაც საქართველოს „ვარდების რევოლუციად“ წოდებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ მოუტანა!
- ქალბატონო ნანა, იდგა თუ არა სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის სამეულის უკან დასავლეთი და, თქვენი აზრით, რატომ მოიშორა მისი ერთი მსახური ედუარდ შევარდნაძე აშშ-მა და რატომ ჩაანაცვლა ის თავისი სხვა მსახურებით?
- დიახ, მთელი ეს მოვლენები ნაკარნახები და დაფინანსებული იყო დასავლეთიდან. ისინი არა მხოლოდ აფინანსებდნენ მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს (გახსოვთ თუნდაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“), არამედ ატრეინინგებდნენ კიდეც მათ, თუ როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება. ფერადოვანი რევოლუციები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს დასავლეთის პროექტი იყო, რომელიც მათ სურდათ კიდევ უფრო მასშტაბურად განხორციელებულიყო, ვიდრე ეს გამოუვიდათ. საქართველო დასავლეთმა ერთ-ერთი მთავარ წერტილად აირჩია, რადგან მიიჩნეოდა, რომ კავკასიის გასაღები ჩვენი ქვეყანა იყო, ხოლო თუ რა როლი აქვს რუსეთისთვის კავკასიას, ეს ყველას კარგად მოეხსენება... ანუ, ერთი წინადადებით რომ შევაფასოთ ეს მოვლენები, ეს ერთი წინადადება ალბათ ასე უნდა გაჟღერდეს: „2003 წლის 23 ნოემბერს საქართველო ემსხვერპლა ამერიკის ინტერესებს რუსეთის წინააღმდეგ!“ რაც შეეხება იმას, თუ რაში დასჭირდა დასავლეთს შევარდნაძის ჩანაცვლება ამ სამეულით, ამერიკამ მშვენივრად იცოდა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, შევარდნაძე კი ილუზიონისტი არ იყო, ეს რომ მოეხერხებინა. სააკაშვილის გუნდი არჩევნების გაყალბების გზითაც კი ვერ ახერხებდა ხელისუფლებაში მოსვლას, ვინაიდან მაშინ გაყალბების მეთოდებით 10-15 პროცენტზე მეტის გაყალბება ვერ ხდებოდა, გაყალბების ეს მაჩვენებელი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსასვლელად არ ჰყოფნიდა. ასე რომ, ძალაუფლების ხელში აღების ერთადერთ მეთოდად სახელმწიფო გადატრიალება დარჩა. შევარდნაძის გაგდებას არც არავინ აპირებდა. სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის სამეულს სურდათ, ის დარჩენილიყო თანამდებობაზე, ანუ მათ მიერ ჩადენილ ყველა ბინძურ დანაშაულზე პასუხისმგებელი შევარდნაძე ყოფილიყო, თუმცა, რეალური ძალაუფლება ამ აგენტურის ხელში აღმოჩენილიყო. შევარდნაძე ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მიუხვდა მათ ამ ჩანაფიქრს და სიტუაციას საერთოდ გაერიდა.
- ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ედუარდ შევარდნაძე არათუ ყველაფრის საქმის კურსში იყო, არამედ თავადაც მონაწილეობდა მთელ იმ სცენარში, რასაც ვარდებით მომხდარი უსისხლო რევოლუცია დაარქვეს?
- მე დანამდვილებით საუბარი მხოლოდ იმაზე შემიძლია, რაც დანამდვილებით ვიცი, რაც არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით... ერთადერთი, რაც ვიცი და მშვენივრად მახსოვს, არის ის, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, შევარდნაძე წინ და უკან დაატარებდა მას, რეკლამას უკეთებდა და ერთი-ორჯერ შეხვედრაზე უთხრა კიდეც ხალხს, ეს იქნება თქვენი მომავალი პრეზიდენტიო... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარმიმართა და იმის თქმა, შევარდნაძემ არაფერი იცოდაო, ალბათ სისულელე იქნება. უბრალოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, მან არ ისურვა, თავის თავზე აეღო ფორმალური მმართველის როლი და სწორედ ამის გამო შევიდა წინასწარ გაწერილ სცენარში ცვლილებები.
- ქალბატონო ნანა, არ შემიძლია არ გკითხოთ რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ივანოვის როლზეც... რატომ ჩამოვიდა რევოლუციის დროს ის საქართველოში და რა ფუნქცია ჰქონდა ამერიკელების მიერ დაგეგმილ და მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში რუსეთის ერთ-ერთ უმაღლეს წარმომადგენელს?
- ვერ ვიტყვით, რომ შევარდნაძის ხელისუფლება სრულიად დაცლილი იყო რუსეთის გავლენებისგან. რუსეთს თავისი ხალხი ჰყავდა ხელისუფლებაში და როდესაც მათ დაინახეს, რომ დასავლეთმა საქართველოში ძალაუფლება ხელში მთლიანად ჩაიგდო, რუსეთსაც მოუნდა, აქ „მეწილედ“ დარჩენილიყო და თავი განზე არ დაეტოვებინა. ის, რომ ივანოვის სახით რუსეთმა საქართველოში მომხდარ პროცესებში „ფეხის ჩაყოფა“ მოინდომა, ეს ცალსახაა, გამოუვიდა თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია...
- საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებით ქვეყნის სათავეში ისტერიული ანტირუსები და მედასავლეთეები მოვიდნენ, რამაც საქართველო 2008 წლის მოვლენებამდე და ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოცხადებამდე მიიყვანა. როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ნანა, იყო თუ არა აგვისტოს ომი 2003 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გაგრძელება და იყო თუ არა ის დასავლეთის მიერ წაქეზებული და პროვოცირებული?
- მე ვფიქრობ, რომ არათუ 2008 წლის ომი, არამედ 90-იან წლებში მომხდარი ომებიც დასავლეთის მიერ საქართველოში ფეხისმოკიდების შედეგი იყო. რუსეთი კარგად ხედავდა იმ საფრთხეს, რომ შეიძლებოდა, სულ მალე მის საზღვართან ნატო-ს ჯარი განთავსებულიყო, ამიტომაც მოხდა რუსული ჩარევით ამ ტერიტორიების ჯერ ოკუპირება, შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობის აღიარება. 2008 წლის ომი დღევანდელი გადასახედიდან, იმ ფონზე რომ შევაფასოთ, როცა ჩვენთან დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის წაქეზება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 15 წლის წინანდელი ომი რუსეთისთვის პრობლემების შესაქმნელად დასავლეთის მიერ იყო წაქეზებული! ეს ძალიან მარტივად, ელემენტარული ლოგიკითაა მისახვედრი... უნდა გავიხსენოთ იმ პერიოდში სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუებიც, სადაც ის წაგებულ ომს მოგებულად ნათლავდა. როგორც შემდეგ თავადვე ახსნა, „ამ ომით ჩვენ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო“, ანუ ამას თვლიდა გამარჯვებად... ამით სააკაშვილმა დაადასტურა ის, რომ ეს ომი ამერიკას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აღმავალი რეიტინგის შესაჩერებლად და მსოფლიოსთვის მისი ტირანიის ჩვენებისთვის დასჭირდა. აი, სამწუხაროდ, რისი მსხვერპლი გახდა საქართველო... საქართველო დასავლეთს ისევე სჭირდებოდა საზარბაზნე ხორცად, როგორც დღეს უკრაინა სჭირდება!
- და ბოლოს, ქალბატონო ნანა, 2003 წლის ნოემბრის ის პროცესები, რომლებიც თქვენ დეტალურად გაიხსენეთ, გაგონებთ თუ არა დღევანდელ რეალობას (სახელმწიფო გადატრიალების სცენარში ჩართული პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, მედიის წარმომადგენლები, დატრენინგებული ახალგაზრდები და ქვეყნის მართვის ხელში ჩაგდების მცდელობა დესტაბილიზაციისა და არეულობის გზით) და, თქვენი აზრით, ცდილობს თუ არა დასავლეთი და მისი „მეხუთე კოლონა“ იმავე სცენარის განმეორებას საქართველოში, რაც უკვე გაითამაშეს 20 წლის წინ?
- სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, რა თქმა უნდა, ისინი დღესაც მზად არიან, მაგრამ მათ დღეს ამის გაკეთებისთვის გაცილებით ნაკლები ბერკეტი გააჩნიათ, ვიდრე 20 წლის წინ. მსოფლიოში უკვე სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს და ნეოლიბერალურ ძალას, რომელმაც აქ აგენტურული ქსელი შექმნა, ისეთი გავლენა აღარ აქვს, როგორიც წლების წინ ჰქონდა. ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას ქართული ინტერესების დასაცავად მეტი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, ვიდრე 2003-ში ედუარდ შევარდნაძეს შეეძლო. დღეს უკვე სრულიად სხვა მსოფლიო იბადება, სფეროების ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დიდად არც უპირისპირდება ამ ნეოლიბერალურ ძალას, დასავლეთი მაინც შეეცდება მისი პირდაპირი მონების ხელისუფლებაში მობრუნებას და თავიანთი შავბნელი კადრებით საკუთარი ძალების სრულად მობილიზებას. რა გამოუვათ მათ, ამას დრო და ახლო მომავალი გვაჩვენებს...