logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში ვიზიტზე: ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც შუა აზიის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ ილჰამ ალიევის მოპატიჟებით ესწრება
- +

24 ნოემბერი. 2023. 10:10

"დღეს იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები," - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ ესწრება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ილჰამ ალიევის მოპატიჟებით.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრისას განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნია მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგო უსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით. ასევე, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება.

 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება. ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ორმხრივი შეხვედრების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში”, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner