„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მან ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.
ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების ამოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.