„საქართველო, მოგეხსენებათ ძვირფასო კოლეგებო, რომ მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით
„ამასთან, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი.
ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.
ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც, 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი- 1 პროცენტზე ნაკლები.
მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8,000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი.
გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.