„მალე ლამინირებული პირადობები აღარ იმოქმედებს, მაგრამ თუ იქნება გამონაკლისი, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა შეხედულების გამო მიიჩნევენ, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღონ ელექტრონული მოწმობა, ID ბარათი, ამ შემთხვევაში მათზე კვლავ გაიცემა ასეთი მოწმობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით და მგონია, რომ იდეალურ გამოსავლამდე მივედით. ამ წუთას არსებობს 223 000-ზე ცოტა მეტი მოქალაქე, რომელსაც აქვს ლამინირებული პირადობის მოწმობა. ერთი მათგანიც რომ დარჩეს და ეს ლოგიკა სწორია თავის მხრივ, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე და უწერია პირადობის მოწმობაში უვადოდ გაცემული პირადობის მოწმობის შესახებ, უარს ვერ ეტყვი და საარჩევნო ხმის უფლების გარეშე ამ ადამიანს ვერ დატოვებ, მით უმეტეს 223 000 ადამიანს. ამიტომ ამ ადამიანების რაოდენობა პრაქტიკულ და თეორიულ მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, მოვიფიქრეთ ასეთი რამ და სხვათა შორის დაგვეთანხმნენ ჩვენი ოპონენტები. კამერის მიღმა შეთანხმება ადვილია ხოლმე, როგორც წესი. ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას და კამპანიის პარალელურად ეს კამპანია იქნება კანონმდებლობაში შესატანი. შეტანილი ცვლილებების ფონზე, რომლის მიხედვით გაზაფხულის რომელიღაც თვეში, კონკრეტული რიცხვი და დღე იქნება დათქმული კანონის შესაბამისად, რომლის შემდეგაც აღარ იმოქმედებს ეს ლამინირებული პირადობები. მაგრამ, ის ადამიანები, თუ იქნება გამონაკლისი, რომელიც სხვადასხვა შეხედულებების გამო მიიჩნევენ, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღონ ელექტრონული მოწმობა, ID ბარათი, ამ შემთხვევაში მათზე კვლავ გაიცემა ასეთი მოწმობა. თუმცა, ასეთი დღეს რამდენიმე ასეულიც არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.