„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.
„ასეთ საკითხებზე საერთაშორისო გამოხმაურება არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ნაბიჯებს, ყველა ნაბიჯი ეროვნული ინტერესების შესაბამისად გადაიდგმება. სადაც არის საჭირო სხვადასხვა ტიპის განცხადება, რეზოლუციები, დოკუმენტები და ა.შ. კონკრეტული საქმის სპეციფიკის მიხედვით იქნება შესაბამისი ნაბიჯები. ამ 11 წლის განმავლობაში ვახერხებთ მაქსიმალურად ეროვნული ინტერესების დაცვას, ასევე ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, არაღიარების პოლიტიკის სწორად წარმოებას. ვახერხებთ იმას, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან. ჩვენ ვახერხებთ პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შენარჩუნებას და გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა - მათგან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა, 7-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.