ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოუწოდა ისრაელსა და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი პალესტინას არ აღიარებს, ესპანეთი ამ მხრივ საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
„დადგა დრო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეს ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ერთად გააკეთოს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, ესპანეთი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.
მან დაგმო „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად, რაც, სანჩესის აზრით, ახლა არ ხდება.
„უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ათასობით ბავშვის დახოცვა სრულიად მიუღებელია. ძალადობა მხოლოდ კიდევ უფრო მეტ ძალადობას შობს. დადგა დრო, გავარღვიოთ ძალადობის ეს უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა“, - განაცხადა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.