თსუ-ს რექტორის ახალ მოადგილედ ერეკლე ასტახიშვილი დაინიშნა, რომლის პრიორიტეტული მიმართულებაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროა. თუმცა ბატონი ერეკლე ყველა მიმართულებით საქმის კეთებისთვის მზაობას გამოთქვამს, რაც უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე მას დაეკისრება. ამჯერად ახალი ვიცე-რექტორი უნივერსიტეტის სიტუაციას ეცნობა.
„ჯერ ვეცნობი სიტუაციას, უნდა შევხვდე ფაკულტეტების დეკანებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელობას. მაქვს ერთი პრინციპი, რომელსაც ნებისმიერი უნივერსიტეტელი, იმედია, დაეთანხმება – ეს არის გუნდური მუშაობის პრინციპი. არ უნდა არსებობდეს ასეთი მიდგომა, რომ ,,ჩემი დეპარტამენტი“, ,,ჩემი ფაკულტეტი“, არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ყველა საქმე უკავშირდება ამ უნივერსიტეტს. ჩვენ უნდა აღვიქვათ, რომ ყველაფერი სასიკეთო, რაც კეთდება, კეთდება ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და, ბუნებრივია, უნივერსიტეტისთვის და არა კონკრეტულად ერთი დეპარტამენტისთვის, ფაკულტეტისთვის და ა.შ. ანუ გუნდური მუშაობის პრინციპი – ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი, რომელსაც მთელი ცხოვრება მივსდევ. ეს ამერიკელებმა მასწავლეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩიკაგოს უნივერსიტეტში – რომ ,,ჩვენ ვართ ერთი გუნდი“. სადაც კი მიმუშავია, ყველასთვის მინდოდა სწორედ ეს ამეხსნა“, – აღნიშნავს ერეკლე ასტახიშვილი.
ბატონი ერეკლე უნივერსიტეტელია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა. 1995-2004 წლებში იყო თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი, 2004-2006 წლებში, ასევე, ხელმძღვანელობდა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. 2004-2006 წლებში გახლდათ თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრის გამგე. უნივერსიტეტში ვიცე-რექტორად დანიშვნამდე იგი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი 2022 წლის დეკემბრიდან, მანამდე კი გენერალური დირექტორის მოადგილე.
,,მინდა ვთქვა, რომ მე ძველი უნივერსიტეტელი ვარ. დავამთავრე უნივერსიტეტი, რომელსაც ცოტა ხანს დავცილდი, რადგან საზღვარგარეთ ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ დავბრუნდი და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს უნივერსიტეტში გავაგრძელე მუშაობა როგორც დოცენტმა. თსუ-ს ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვკითხულობდი ლექციებს, შემდეგ გადავედი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 90-იან წლებში მიწევდა ბევრი სიარული სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ევროპაში, ისე აზიაში, ამერიკაში“, – ამბობს ბატონი ერეკლე.
მისი ბიოგრაფიული მონაცემებიდან ვიგებთ, რომ 1990-1991 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; სხვადასხვა დროს გახლდათ კავკასიის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ვურცბურგში, ჰაიდელბერგში, ტიუბინგენში, ბერლინში; ასევე, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და კემბრიჯის უნივერსიტეტში და სხვ. 1998 წელს, თსუ-ს 80 წლის იუბილეს დროს, მიანიჭეს ღირსების ორდენი უმაღლესი განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის; 2013 წელსაც იგი ამავე დამსახურებისთვის დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.