logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს
- +

11 სექტემბერი. 2016. 15:16



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს, სადაც საუბარია რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება" ზოგადი განათლების სფეროში გეგმავს.


„ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტი იქნება. ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, უსაფრთხო და ინკლუზიური, მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარება. ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად, დაინერგება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი, სწავლისა და სწავლების მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სტანდარტები;

 

- ხარისხის ამაღლების მიზნით, შეიქმნება ახალი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროგრამები და სახელმძღვანელობი, რომელთა დანერგვა I-VI კლასებში უკვე 2017-18 სასწავლო წელს დაიწყება და შემდგომ, ეტაპობრივად დაფარავს ზოგადი განათლების სამივე საფეხურს;

 

- სკოლებში განსაკუთრებით გაძლიერდება ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სწავლება და სახელოვნებო მიმართულებები;

 

- კიდევ უფრო დაიხვეწება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. გამოცდების ჩატარების პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების როლი;

 

- ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. განისაზღვრება პედაგოგების პროფესიული სტანდარტი. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ანაზღაურების სისტემისა და სამოტივაციო პაკეტების განვითარება. 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს. 2018 წლიდან, ხელფასები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად. გაიზრდება პედაგოგთა სოციალური დაცვის გარანტიები. სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016-19 წლებში განხორციელდება მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამები, რომელიც დაფინანსდება როგორც სახელმწიფოს მიერ, ისე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში;

 

- თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სახელმწიფო ხელს სეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომლებიც მათ დაეხმარება ანალიტიკური, კრეატიული, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობისა და სამეწარმეო უნარების, ასევე სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაში, წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტულ აქტივობებს;

 

- სწავლა-სწავლების პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების, აგრეთვე დისტანციური სწავლების როლი. მნიშვნელოვნად გაძლიერდება სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები; მომზადდება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები დამხმარე სასწავლო მასალისა და განმავითარებელი თამაშის სახით. დიასპორის წარმომადგენლებისთვის დაინერგება დისტანციური სწავლების გაკვეთილები ქართულ ენაში, საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიაში;

 

- მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება უახლესი სტანდარტების შესაბამისად სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მათ შორის ახალი სკოლების მშენებლობაში. 2016-19 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის დაფინანსებით, განხორციელდება 100-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რის შედეგადაც 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს;

 

- ამოქმედდება მცირეკონტიგენტიანი, მაღალმთიანი და სოფლის სკოლების გაძლიერების პროგრამები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner