აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზა ორ მიზანს ემსახურება - ღაზაში დახმარების მიწოდების დაჩქარება და მძევლების გათავისუფლების ხელშეწყობა.
"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავაბრუნებთ მძევლებს სახლში", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"ზავი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო საკვების, მედიკამენტების, წყლისა და საწვავის მიწოდებისთვის და ჩვენ არცერთ წუთს არ ვკარგავთ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება ძალაში დილით შევიდა.
შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.