"90-იან წლებში საქართველოს მოუწია დასავლელი ეთნოსების მიერ შემუშავებული სისტემების იმპორტი, ნაჩქარევი ტემპებით, რათა შეევსო ის პოლიტიკური ვაკუუმი, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. იმპორტირებული პოლიტიკური სისტემები არ იყო გათვლილი ქართველ ეთნოჯგუფზე და მივიღეთ ე.წ. კულტურული დაგვიანების ფენომენი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალია“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს და დასძენს, რომ ამიტომ, დღეს აუცილებელია ახალი, მაგრამ ჩვენს ყოფას, ისტორიას, ტრადიციას მორგებული ოპტიმალური ნორმების გენერირება, თან დროული და ამ ხაზს მიყვება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“.
„ეროვნული იდენტობა არის ჩვენი ენა, რწმენა, ტრადიციები, და ის ღირებულებები, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს დღემდე. ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის განვითარებისაკენ, როგორც ტექნოლოგიურად აგრეთვე სხვა სიახლეების ათვისებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველმა ერმა განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე არ დაივიწყოს ის ღირებულებები, რაც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის ფასად შემოგვინახეს. ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს ქართული მეობა, ტრადიციები, ღირებულებები. აუცილებელია სწორედ ამ ელემენტებზე დაყრდნობით შემოვიტანოთ ის ევროპული სიახლეები, რომელიც შეგვინარჩუნებს ეროვნულობას და მათ მხოლოდ ისტორიაში ჩასაწერად და მოსაგონებლად არ დაგვიტოვებს. ჩემთვის პირველადია ჩემი ქვეყნის ინტერესები. ძვირფასია რწმენა, ტრადიციები და სხვა კულტურული ღირებულებები. დიახ, ჯერ საქართველოა და მერე ყველა სხვა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.