ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ ღაზის სექტორს, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება ისრაელში. ამის შესახებ მან ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ისრაელელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გალანტის თქმით, ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება „ჰამასთან“ ბრძოლის ფონზე განხორციელდება.
„ჩვენი შესაძლებლობა, რომ მძევლების პირველი ჯგუფი გაგვეთავისუფლებინა, მოდის სამხედროების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად. როგორც კი სამხედრო ზეწოლა იწყება, მათ პაუზები სურთ. ზეწოლა როცა იზრდება, მათ ისევ სურთ პაუზები. ზეწოლას როცა კიდევ უფრო გაზრდი, ისინი მზად იქნებიან, მოვიდნენ შეთავაზებით, და როცა კიდევ უფრო გაზრდი, ისინი მზად იქნებიან, მოვიდნენ ისეთი შეთავაზებით, რომლის მიღებაც შესაძლებელია, ეს არის მეთოდი“, – ამბობს გალანტი.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ცეცხლის შეწყვეტა ხანმოკლე იქნება.