„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Times of Israel“ ავრცელებს.
გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა - 8 ადამიანი - ბავშვია.
ცნობისთვის, პარასკევს, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებულ მძევალთა პირველ ჯგუფში მხოლოდ 4 ბავშვი იყო.
მძევლები წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების მანქანებით ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, ეგვიპტიდან კი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გავლით - ისრაელში, სადაც ისინი უკვე საავადმყოფოებში გადაანაწილეს სამედიცინო დახმარებისა და მონიტორინგისთვის.
ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.