ბუდუ ზივზივაძემ „ნიურბერგთან“ „კარლსრუეს“ საშინაო გამარჯვებაში (4:1) უდიდესი როლი ითამაშა, ცნობილმა საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა კი ქართველი თავდამსხმელი მატჩის გმირად დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების წევრი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა და მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, დუბლის შესრულება მოახერხა.
ანალიტიკურმა საფეხბურთო გვერდმა, whoscored-მა ბუდუ ზივზივაძეს 8.13 ქულა დაუწერა, რაც „კარლსრუეში“ მეორე საუკეთესო შეფასებაა. კიდევ ერთმა ანალიტიკურმა პორტალმა, sofascore-მ კი ქართველის ფორვარდის გრაფაში 9.0 ქულა დაწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა და დუბლი პირველად შეასრულა.
29 წლის თავდამსხმელმა ბოლოს ორჯერ მეტოქის კარი 2022 წლის 11 აგვისტოს აიღო. მაშინ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ თამაშობდა და კონფერენსლიგაზე მოლდოვურ „პეტროკლუბთან“ მოგებაში (2:1) მთავარი როლი ითამაშა.