„გაიზრდება სახელმწიფოს მხრიდან სპორტის დაფინანსება", - ნათქვამია პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამაში, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია საქართველოში სპორტის განვითარებისთვის შემუშავებულ რეფორმებზე.
„დამტკიცდება მაღალმთიან დასახლებებში სპორტში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა, უზრუნველყოფილი იქნება მწვრთნელებისათვის პროფესიული და უმაღლესი სასპორტო განატლების ხელმისაწვდომობა;
- განხორციელდება სპორტის უნივერსიტეტის რეფორმა ქვეყნის სათანადოდ მომზადებული პროფესიული კადრებით უზრუნველსაყოფად;
- ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, 15%-ით გაიზრდება პროფესიულ სპორტში ჩაბმულ პირთა რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვას;
- ხელი შეეწყობა მასობრივი სპორტის განვითარებას, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სპორტში ჩაბმას;
- ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას პენიტენციურ დაწესებულებებში;
- 4 რეგიონულ ცენტრში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სპორტის სასახლეები;
- აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და რაგბის 20 კომბინირებული მოედანი;
- თბილისში აშენდება ჭიდაობის სასახლე და სპორტსმენთა რეაბილიტაციის ცენტრი;
- მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 265 მლნ ლარით დაფინანსდება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა დონის საფეხბურთო გუნდი. ხელი შეეწყობა საფეხბურთო გუნდების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ბავშვთა და ქალთა ფეხბურთის, ასევე ასაკობრივი გუნდების (მათ შორის სანაკრებოს) განვითარებას;
- ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან კოორდინაციით, შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად განაპირობებს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტურ გამოყენებას;
- საქართველო უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს და ღონისძიებას;
- გაგრძელდება მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
- ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა გარე სავარჯიშოები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.