ავტორი თაკო კვარაცხელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მისი წინამორბედი ნიკა მელია პარტიის წევრობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გარიცხა. გადაცემის წამყვანის მიერ მიწოდებულ ფურცელზე ხაბეიშვილმა მიაწერა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას. ნიკა მელიას კომენტარი ამ ფაქტზე ამ დრომდე არ გაუკეთებია. რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ იშლება მარტივ მამრავლებად ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ მოიხსენიებს... „რეპორტიორის“ სტუმარია ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
- ბატონო ლევან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერამდენე დაშლა მოხდა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ მისი წინამორბედი ფურცლის ნაგლეჯზე ერთი ხელის მოწერით გარიცხა პარტიიდან... რა ხდება ამ პარტიის თავს და რატომ იშლება მარტივ მამრავლებად პარტია, რომელიც თავის თავს „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ მოიხსენიებს?
- მოდით, საუბარი იმით დავიწყოთ, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსი კი არა, პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანია, რომელიც დასვეს იმ პარტიულ თანამდებობაზე, რაც დღეს უჭირავს. სწორედ ამიტომ ვერ იქცევა ის ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი და სწორედ ამიტომ წამოაგეს ჟურნალისტებმა ანკესზე ასე მარტივად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ეს ადამიანები არიან ჟურნალისტები, ისინი პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ. რაც შეეხება ნიკა მელიას... როდესაც ამ ადამიანმა შიდაპარტიული არჩევნები წააგო, მას უნდა ჰყოფნოდა ღირსება და სინდისი და თავად დაეტოვებინა პარტია იქამდე, ვიდრე ის მოხდებოდა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში. ხაბეიშვილი რომ პარტიიდან გაგრიცხავს, მერე რა პოლიტიკურ მომავალზე უნდა გქონდეს კაცს პრეტენზია, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ლოგიკურია, ვინაიდან ეს არის პარტია, რომელსაც 2012 წელს განცდილი მარცხის შემდეგ, საკუთარი არცერთი ქმედება არ გაუანალიზებია, ისინი არასდროს დაფიქრებულან, რა შეცდომები დაუშვეს და რამ გამოიწვია მათი გაშვება ხელისუფლებიდან. მათ არასოდეს უცდიათ ახალი პროგრამის შემუშავება, რათა ამ პროგრამით დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. არა, ისინი მუდმივად რევოლუციისა და გადატრიალების მოლოდინში იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მობილიზება შეძლეს და უცხოეთიდანაც ჰქონდათ გარკვეული ხელშეწყობა, მათ ამ სცენარის განხორციელება ვერ მოახერხეს. ასე რომ, ლოგიკურია მათი დაქსაქულობა და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის...
- ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში რეალურად არც „ხაბეიშვილისტები“ არსებობენ და არც „მელიისტები“, აქ არსებობენ „მიშისტები“, რომლებიც ალბათ საბოლოოდ დააბნია პარტიის შიგნით შექმნილმა მდგომარეობამ. თქვენი აზრით, ვისთან დარჩებიან სააკაშვილის ამომრჩევლები - ხაბეიშვილის ამომრჩევლად მოგვევლინებიან ისინი 2024 წლის არჩევნებში თუ მელიას?
- მათი ბელადი დღემდე მიხეილ სააკაშვილია და მათი ერთი ნაწილი მხარს იმ ძალას დაუჭერს, ვისაც თავად სააკაშვილი, მეორე, დაბნეული და განაწყენებული ნაწილი კი, საერთოდ არ წავა არჩევნებზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომელ ბელადზე ვსაუბრობ ახლა... თანამედროვე საქართველოს ისტორიის ყველაზე უღირს პოლიტიკოსზე; მთავარსარდალზე, რომელმაც ომში საკუთარი ჯარი მიატოვა; ყოფილ პრეზიდენტზე, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყანაში გუბერნატორობის სანაცვლოდ თქვა; ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც საკუთარ სამშობლოში არაჟნის კონტეინერით შემოიპარა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეხდინა; პატიმარზე, რომელმაც სასჯელის მოხდის შიშის გამო საკუთარი ამომრჩეველი ტყუილებში აცხოვრა და თვეების განმავლობაში, საკუთარი ჯანმრთელობით სამარცხვინო მანიპულაციას ეწროდა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, საკუთარი მანიფესტით გაცოცხლდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ კუბოში ბოლო ლურსმნები ჩააჭედა.
- ბატონო ლევან, არ შემიძლია სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებაც არ დაგისვათ შეკითხვა... როგორც ჩანს, ეს ადამიანი ისევ რევოლუციური სცენარის განვითარებაზე ოცნებობს და აღტყინებით საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოსწონს ერთმანეთთან დაპირისპირებული, პოლარიზებული და ორა ნაწილად გახლეჩილი საქართველო. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა კონსტრუქციული წინასაარჩევნო პერიოდის მოლოდინი გვქონდეს პარტიისგან, რომელიც დღესაც ომის პროპაგანდას ეწევა და დღესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობაზე საუბრობს?
- ეს არის ამ პარტიის უბედურება! მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მისი პოლიტიკური ველი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, იშვიათად თუ ნახავთ აქ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც რაიმე რაციონალურ წინადადებას ვისმენდეთ. ოპოზიციაში ჩვენ ვნახავთ ბევრ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ არ მოსწონს ხელისფლების მიერ გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი, მაგრამ თითქმის ვერ ვნახავთ ოპოზიციონერს, რომელიც ხალხს მის ხედვასთან ერთად კონკრეტულ ალტერნატივასაც შესთავაზებს. ის, რასაც თემურ ალასანია ამბობს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო გზავნილებია და სწორედ ამის გამო ვერ იკრებს ეს პარტია ირგვლივ ამომრჩეველს. ჩვენს თვალწინ ორი ომი მიმდინარეობს და ქართველმა ხალხმა მშვენივრად იცის, რა დამანგრეველიც შეიძლება აღმოჩნდეს ის ჩვენი ქვეყნისთვის! ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი მშვიდობაა და იმ ძალის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უპირისპირდება, გაერთიანდება მხოლოდ ავანტიურისტთა ჯგუფი, რომლებიც ეცდებიან მათთან მიკედლებით გარკვეული სარგებელი და გამორჩენა ნახოთ.
- თქვენ „ნაციონალების“ მომხრეთა მცირე რაოდენობაზე გაამახვილეთ ყურადღება, თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, მათი ამომრჩევლების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი საპროტესტო აქციები, სადაც სულ რამდენიმე ასეული, მაქსიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრებას ახერხებენ ხოლმე, მეტის ვერ... ბატონო ლევან, რამდენად რეალურად გეჩვენებათ თქვენ იმ კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც, მოძალადე, პატიმრების გამაუპატიურებელ პარტიას ქვეყნის ყოველი მეხუთე ამომრჩეველი უჭერს მხარს?
- კვლევები ერთია, რეალობა კი - მეორე. ჩვენ არაერთი კვლევა გვინახავს არაერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რეალობა ხშირად არცთუ ისე მცირედით განსხვავდება ხოლმე ამ შედეგებისგან. მოდით, ვიყოთ ობიექტურები და ამ კვლევებშიც გარკვეული პოლიტიკური ინტერესები დავინახოთ... მარტო კვლევების იმედად ამ პოლიტიკური ძალის რეიტინგის შესახებ მე ანალიზს ვერ და არ გავაკეთებდი. არჩვენებია წინ და ის დღე ყველაფერს რეალუარად გვაჩვენებს.
- და ბოლოს, თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს ნიკა მელიას მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, როგორც თქვენ უწოდეთ, ბელადი სააკაშვილი, ოლიგარქი კეზერაშვილი და, რაც მთავარია, დასავლეთი დგას? ამის ფონზე, რა შანსები აქვს მელიას, დარჩეს პოლიტიკაში და შექმნას გაერთიანება, რომელიც შეძლებს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
- ვერ გეტყვით, რა ბედი ელის მელიას პოლიტიკურ მომავალს და, სიმართლე გითხრათ, არც მანაღვლებს, მაგრამ ერთ რჩევას კი სიამოვნებით მივცემდი - ეყოს გამბედაობა და აღიაროს, რომ მისი დრო წავიდა, არ ყოფილა პოლიტიკა მისი საქმე და შეეშვას იმის კეთებას, რაც არ გამოუვიდა. ამ რჩევას ვაძლევ არა მხოლოდ მელიას, არამედ მასავით პოლიტიკაში შემორჩენილ კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკის კეთება არ შეძლებიათ.