მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მესამე წელიწადს უახლოვდება, მოსკოვი უპირატესობას ფლობს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტზე, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით პუტინმა უკრაინაში გამარჯვების ფსონზე რუსეთის რესურსები დადო. შეუძლია თუ არა დასავლეთს შეედაროს მას?
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი აქვს, რათა შეავსოს თავისი არმია, ვიდრე უკრაინელებს, რომლებსაც კარგად გაწვრთნილი ქვეითები აკლიათ, ხოლო ვლადიმირ პუტინი რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზაციას ახორციელებს და ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლებს იარაღის მზარდი წარმოებისთვის იყენებს.
"იმავდროულად, აშშ-სა და ევროპაში "პოლიტიკური დამბლა" საფრთხეს უქმნის იარაღისა და ფულის მიწოდებას, რომელზედაც დამოკიდებულია უკრაინის გადარჩენა", - წერს სტატიის ავტორი, მარკუს უოკერი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთში დაბნეულობა და რუსეთის მზარდი მზაობა, ომში გამოიყენოს თავისი ადამიანური და სამრეწველო რესურსები მიუთითებს იმაზე, რომ ეს წელი უკრაინის თავდაცვისთვის რთული იქნება, თუმცა რუსული არმიის შეზღუდული შეტევითი შესაძლებლობები ასევე იმაზე მეტყველებს, რომ ის უფრო მცირე გამარჯვებებს მიაღწევს, ვიდრე გარღვევას.
"2024 წელს მატერიალური უპირატესობები ძირითადად რუსეთის მხარეს იქნება, მაგრამ [ეს] საკმარისად გადამწყვეტი არ არის, რათა რუსეთმა თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. არაზუსტია იმის ვარაუდი, რომ რუსეთი იგებს ომს. თუმცა, თუ მომავალ წელს სწორი არჩევანი არ გაკეთდა უკრაინის მიდგომებსა და დასავლურ რესურსებზე, მაშინ უკრაინის წარმატების პერსპექტივები ბუნდოვანი იქნება", - აღნიშნა კარნეგის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, მაიკლ კოფმანმა.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ დასავლეთი არარეალისტურად მიიჩნევს ზელენსკის მიზანს, სრულად აღადგინოს უკრაინის საერთაშორისო საზღვრები.
"სამხედრო ჩიხი აძლიერებს გერმანიაში მოსაზრებას, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინის ინტერესებში იქნება. თუმცა ბერლინს არ სურს ზელენსკიზე ზეწოლა. ცეცხლის შეწყვეტის პრობლემა ის არის, რომ პუტინს ბევრი მიზეზი არ აქვს შეაჩეროს შეჭრა მაშინ, როდესაც დასავლეთის ერთიანობა სუსტდება", - ნათქვამია სტატიაში.
"ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი შიშობს, რომ უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე ამ ზამთარში შეიძლება გაუარესდეს. უკრაინის არმიას ქვეითები აკლია მას შემდეგ, რაც უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევასა და გასულ ზამთარს ქალაქ ბახმუტის დაცვაში დიდი დანაკარგები განიცადა. კორუფციით გაჟღენთილი დისფუნქციური გაწვევის სისტემის გამო, ბევრი შემცვლელი 40 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლებიც ხშირად სუსტად მომზადებულნი არიან", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი ასევე ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ვერ შეძლებს კიდევ ერთი დიდი შეტევის განხორციელებას გარკვეული დროის განმავლობაში.