ავტორი სოფო ხუგოიანი
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გამოეხმაურა პედაგოგთა პროფესიული გამოცდების შედეგებს, სადაც მასწავლებელთა 83% ვერ შეძლო პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარის გადალახვა. „რეპორტიორთან" საუბრისას ჯაველიძე ამბობს, რომ სკოლებში არა გადამზადებული, არამედ ის მასწავლებლები უნდა შეუშვან, რომელთაც რეალურად, მართლა აქვთ განათლება.
„ეს არის ჩვენი ტრაგედია, რომელიც თავად არ დაბადებულა. ეს არის იმ განათლების რეფორმების შედეგები, რომელიც ლომაიამ დაიწყო. ყველაფერი ხდებოდა სოროსის ხელდასხმით და პირდაპირ იყო მიმართული ქართული სკოლის მოსპობისკენ. ჩვენ ვიწუნებდით გერმანულ განათლების სისტემას და მის ნაცვლად გადმოვიღეთ ამერიკული სისტემა, რომელიც გაწერილი იყო რთულად აღსაზრდელი, განუვითარებელი ბავშვებისთვის.
დღევანდელი სახელმძღვანელოები პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს ნიჭიერ, ნათელი გონების მქონე ბავშვებს ჩაუხშონ ცოდნა.
განსაცვიფრებელია, რომ ეს ჩვენი გაუნათლებელი განათლების მინისტრი მშვიდად ამბობს, რომ პედაგოგები გადაამზადეს. ამ პრობლემას გადამზადება არ უშველის, ამას უნდა სოციალური დონის ამაღლება, მასწავლებელს უნდა დაედოს ფასი. სკოლებში არა გადამზადებული, არამედ ის მასწავლებლები უნდა შეუშვან, რომელთაც რეალურად, მართლა აქვთ განათლება. უნდა მოხდეს დიფერენციაცია. სკოლებში საფუძვლიანად აღარ ასწავლიან აღარც ქართულ გრამატიკას და არც ლიტერატურასა და ისტორიას. ამ საგნების ხარჯზე რაღაც სისულელე საგანი „მე და საზოგადოება" შემოაქვთ, რომელიც ევროპიდან არის ნაკარნახევი და ბავშვებს ამ უაზრობებით ტვირთავენ.
ამ რეფორმამ და განათლების სისტემაში მოკალათებულმა გადაგვარებულმა სოროსებმა, ქართული მეცნიერების და განათლების მტრებმა ჩამოაქვეითეს ქართველი ბავშვების ცნობიერება. დღევანდელი განათლების სისტემა თუ არ დაინგრა, სიტუაცია არ გამოსწორდება. ევროპიდან უნდა ავიღოთ ის, რაც კარგია და არა ის, რასაც გვთავაზობენ.
უნდა გაიწმინდოს განათლების სისტემა, უნდა დაიმსხვრეს ის მოდელი, რომლითაც ნადგურდება ქართული განათლების კულტურა. ამ პრობლემას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუ ამ სისტემის უგულებელყოფა მოხდება. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მოისპოს ქართველი ერი. ეს არის მოდელი, რომლითაც ხდება ახალი ადამიანის ჩამოყალიბება, განათლების სისტემა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. რაც უფრო ნაკლებად განათლებულია ადამიანი, მით უფრო მარტივია მისი მართვა. სოროსი რომ ბრძანდებოდა აქ, თქვა, რომ მას არ აინტერესებს ჩვენი მამები, მას აინტერესებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ახლა განათლების სისტემა სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები გადააგვარონ", - ამბობს ელიზბარ ჯაველიძე