„ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შეცვალა ანტიდასავლური, ანტიევროპული სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა.
„ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული ქვეყნისა და მოსახლეობის სასარგებლოდ. პოლიტიკაში როდესაც მოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა საქართველოში სისხლიანი რეჟიმი. გახსოვთ, ხომ 2012 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემა, ტელევიზიების მიტაცება - ეს იყო წინა ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შეცვალა ანტიდასავლური, ანტიევროპული სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. ეს მისი პოლიტიკური ღვაწლია, 2012 წელს რაც უკავშირდება. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა ის გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ჯერ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მერე მიიღო ვიზალიბერალიზაცია და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს. ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაცა გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას არავითარი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა, დაამყარა ისეთი მმართველობა, რომელიც თავსებადია დასავლურ სტანდარტებთან და ღირებულებებთან და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ იმ მიღწევების შეგროვება, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არავითარი ფაქტი არ არსებობს, არც ერთი გარემოება, არც ერთი ფაქტი ამაზე არ მიუთითებს და არის ცარიელი სპეკულაციები. ერთი სიტყვა - „სამარცხვინო“ არის საკმარისი იმ სტატიის დასახასიათებლად, რაც დაიბეჭდა Politiko-ში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.