საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს დელეგაციამ ვატიკანში მონაწილეობა მიიღო ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლის ინაუგურაციის ისტორიულ ცერემონიაში, რომელიც ვატიკანში ერთ-ერთ საგანგებოდ შერჩეულ ადგილას განთავსდა.
უნიკალურ შესაძლებლობა გვეძლევა უძველესი ქართული კულტურა ხელოვნების მსოფლიო შედევრებს შორის წარმოვადგინოთ წმიდა საყდარში, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღირებულებების მატარებელ სივრცეში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ვატიკანის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ.
„ჩვენთვის უპირატესი პატივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ქართველი ერისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე იმართება. მოგეხსენებათ, ახლახან, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს. გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები ამ რეკომენდაციის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პირობებში, ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ ოჯახს და მის სრულფასოვან წევრობას.
საქართველო ევროპის ისტორიული ნაწილია - თავისი კულტურით, რწმენით, იდეალებითა და ფასეულობებით. ჩვენი ქვეყანა, საუკუნეების მანძილზე, აზიისა და ევროპის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ბუნებრივ ხიდს წარმოადგენდა და ეს გარემოება წარმატებით უწყობდა ხელს საზოგადოებებს შორის დიალოგს, აზრთა გაცვლასა და ურთიერთობების სიმტკიცეს,”- განაცხადა მინისტრმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის ასლის ვატიკანის ტერიტორიაზე განთავსების ისტორიულ გადაწყვეტილების რეალიზებაში განსაკუთრებით აღნიშნა რომის პაპის ფრანცისკეს და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორეს განსაკუთრებული ღვაწლი და საქართველოს მთავრობის სახელით პაპ ფრანცისკეს მადლობა გადაუხადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში შეტანილი მისი, პირადი, წვლილისათვის.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა წმინდა საყდართან საქართველოს ელჩს, მის სამეფო უდიდებულესობას, ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს და წმინდა საყდრის გოვერნატორატის პრეზიდენტს, მის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, კარდინალ ფერნანდო ვერჯეს ალძაგას აღნიშნული ინიციატივის რეალიზაციისთვის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღებაა გაამახვილა ვატიკანსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე
„დიდად ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს. გასულ წელს, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი, არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რამაც, კიდევ ერთხელ, მრავალსაუკუნოვანი ორმხრივი მეგობრობა და ტრადიციული თანამშრომლობა წარმოაჩინა.
ჩვენი სულიერი და კულტურული ურთიერთობების მეტად თვალსაჩინო მაგალითად იქცა 26 ივნისს, ვატიკანის სიქსტეს სამლოცველოში, მიქელანჯელოს ფრესკების გარემოცვაში, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ ქართული მრავალხმიანობის, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუმეორებელი ნიმუშების შესრულება. ორმა გუნდმა - მართლმადიდებლურმა და ლათინურმა - ერთად იგალობეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდებული „ავე მარია“ ამ სათუთი ურთიერთობების გაგრძელებას წარმოადგენს დღევანდელი ღონისძიებაც”- განაცხადა მინისტრმა.