"28.5 მილიარდი ლარიდან 2.5 მილიარდი ლარი იქნება განათლების და მეცნიერების სექტორზე დახარჯული. ეს არის ოთხჯერ მეტი იმ ბიუჯეტზე, რაც განათლების სისტემაში იყო 2012 წელს. დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.
გივი მიქანაძემ ყურადღება პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდაზე გაამახვილა, რომელიც 2024 წელს არის დაგეგმილი.
„2024 წლის 1 ივლისიდან, თითოეული იმ პედაგოგის ხელფასი, რომელიც სრული განაკვეთით არის დატვირთული, 500 ან მეტი ლარით მოიმატებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი ლარია გამოყოფილი, ხოლო 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი.
„2027 წლის ბოლოსთვის, ინფრასტრუქტურა, როგორც სკოლამდელი აღზრდის ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გადამუშავებული ბიუჯეტი ცალკე კომპონენტად მოიცავს 1 მილიონ 900 ათას ლარს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომელიც რეგიონებში არსებულ 6 უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს.
გივი მიქანაძე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს და ქმნის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას.
„4000-ზე მეტმა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.