„შიდაპარტიული დაპირისპირება და რღვევა "ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან დიდი ტემპით მიდის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"ეს არის ის პროცესი, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. შიდაპარტიული დაპირისპირება და რღვევა "ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან დიდი ტემპით მიდის. ერთმანეთის გადაყენებას ცდილობენ ფორმალური თუ რეალური მმართველი. არც საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის ბედი, მითუმეტეს, ამ პარტიას არ აინტერესებს. კიდევ ერთხელ მოხდა ამ ნახევრად კრიმინალური დაჯგუფების ლუსტრაცია ჩვენი საზოგადოების თვალში და კიდევ ერთხელ ჩამოუყალიბდა ელექტორატს, თუ რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" და რომ ამ პარტიას არ უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებზე" - განაცხადა მათიკაშვილმა.
კრიზისის ახალი ტალღა ნახმოძრაობაში - ამჯერად, პარტიის თავმჯდომარეს საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან, ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ხაბეიშვილის ფლანგი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან, ნიკა მელიას შტაბის წევრები დგანან. მელიას ფლანგში კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილმა პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამ ყველაფრის ფონზე, კვლავ გაურკვეველი რჩება პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი.