საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც შედგება 18 ინვესტიციისგან და მოიცავს 1,9 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ADB-ს ჯამური პორტფელი 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რაც ქვეყანამ აჩვენა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს კი მხარს უჭერს ქვეყნის − სატრანზიტო, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესჰაბის − პოტენციალის გამოვლენას.
პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების მასპინძელი 2024 წელს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.