ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის ქვედა პალატაში 110 ადგილისთვის 480-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში კენჭს არ იყრიან ოპოზიციის ლიდერები.
ბელარუსში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ამასთან, საზღვარგარეთ გახსნილია 46 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსეთის ოთხ ქალაქში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კალინინგრადსა და დონის როსტოვში.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სიაში არსებული ამომრჩევლებიდან 31 პროცენტმა საკუთარი არჩევანი ჯერ კიდევ 11 სექტემბრამდე დააფიქსირა, ხუთდღიან ვადამდელ არჩევნებზე. ხმის მიცემის ვადამდელ პროცედურას ბელარუსის კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა მას ეუთო აკტირიკებს ბიულეტენების შესაძლო გაყალბებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო.
ბელარუსში მიმდინარე არჩევნებს 800-მდე უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს, მათგან 400 ეუთო-ს სტრუქტურების წარმომადგენელია.
ბელარუსში ლუკანშენკოს მმართველობის პერიოდში ჩატარებული არც ერთი საარჩევნო კამპანია დასავლეთის მიერ დემოკრატიულად აღიარებული არ არის.
პირველ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ცდილობს, დასავლეთის მხრიდან რაც შეიძლება ნაკლები პრეტენზია ჰქონდეს.
„ჩვენ არავის გვინდა სანქციების ქვეშ ცხოვრება. როგორც არ უნდა ვყეყეჩობდეთ, ეს სასიამოვნო არ არის. თუ მათ გააუქმებენ - მადლობა. თუმცა როდესაც ჩვენ პირობებს გვიყენებენ, მაშინ უკვე მე პირადად მკაცრად ვუყურებ: შეესაბამება თუ არა ეს ჩვენს ინტერესებს, შეგვიძლია თუ არა ამაზე წასვლა. თუ შეგვიძლია, ამაზე მივდივართ. რად გვინდა ვითარების ზედმეტად დაძაბვა?" - განცახდა ლუკაშენკომ.
ამასთან პრეზიდენტმა სისულელე უწოდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლეთთან ურთიერთობამ შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობები გააფუჭოს.
„ჩვენი ბედი ასეთია. ჩვენ ვართ ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა", - აღნიშნა ლუკაშენკომ.