ავტორი თაკო კვარაცხელია
როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიხურა დამოუკიდებელი მედია-საშუალებები, უამრავ მათგანს დაფინანსება შეუჩერდა, ჟურნალისტები დაიჭირეს და დაარბიეს კიდეც. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რეპრესიებს ვერც ჟურნალი „კვალი“ გადაურჩა, რომელიც დაფინანსების გარეშე დატოვა და რედაქციის შენობიდან გამოასახლა. საბოლოო ჯამში ჟურნალი მაინც გადარჩა და მისი ახალი ნომერი სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა... „რეპორტიორის“ სტუმარია ჟურნალ „კვალის“ მთავარი რედაქტორი მანანა ვახტანგაძე.
- ქალბატონო მანანა, ჟურნალი „კვალი“ რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოდიოდა, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის რეპრესიებს ემსხვერპლა და თქვენ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაფინანსების გარეშე დარჩით და რედაქციის შენობიდანაც გამოგიშვეს... როგორ გაგრძელდა ამის შემდეგ ჟურნალის ისტორია?
- მე ჟურნალ „კვალში“ ჯერ კიდევ შორეული 1988 წლიდან ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტიურად ჩვენი, კოლექტივის დამსახურებაა ის, რომ არ დავთმეთ ჟურნალი და ის დღესაც გამოიცემა. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეგვიჩერა დაფინანსება, მაგრამ კერძო პირების კეთილი ნების წყალობით, როგორღაც ვაცოცხლებთ მას, ხან ვინ გვეხმარება მის გამოცემაში და ხან ვინ... დღეს დღის წესრიგში ჟურნალში პოლიტიკური თემების დამატებაც დადგა, თუმცა, თავის დროზე, აქ მასალები მხოლოდ სოფლის მეურნეობის შესახებ იბეჭდებოდა. „კვალი“ აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ჟურნალი იყო და პოლიტიკისგან შორს იდგა...
- რას გულისხმობთ, რატომ გახდა აუცილებელი მაინცდამაინც ახლა მასში პოლიტიკური თემების დამატება?
- ქვეყანაში ახლა იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომ პოლიტიკას გვერდს ვერაფრით ავუვლიდით. ვფიქრობ, რომ უამრავი მედია-საშუალების არსებობის მიუხედავად, ხალხის ხმას მაინც ახშობენ და რიგითი ადამიანების სიტყვა არ ისმის. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს ხალხი ისაა, ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციებზე რომ დგანან, არადა, ეს ასე არ არის! ხალხი ჩვენ ვართ, საქართველოს ის რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ვიცით სიმართლე, როგორც ჩვენს წარსულზე, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ყოფაზე და გვადარდებს მისი მომავალი. ისტორიის გადაწერის უფლებას არავის მივცემთ და ჩვენი ჟურნალი სწორედ ამას უპირისპირდება!
- რა გულისხმობთ, ქალბატონო მანანა, რა არის საქართველოს ისტორიაში ის სიმართლე, რომლის გადაწერას თუ გაყალბებასაც ცდილობენ და რომლის გაჟღერებაც თქვენ თქვენი ჟურნალის მეშვეობით გნებავთ?
- აი თუნდაც, სიმართლეს არ ამბობენ იმაზე, თუ რა მოხდა 1918-1921 წლებში და რა მასშტაბის ღალატი ნახა ჩვენმა სამშობლომ... ჯერ კიდევ მანამ, სანამ დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა, გერმანიაში ე.წ. „დამკომი“, დამოუკიდებელი საქართველოს ორგანიზაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში ვინმე ლეო კერესელიძე ჩაუყენეს. იმის გამო, რომ სტამბოლში მაშინ რუსული და ქართული არმიები იდგა, ეს ჯაშუშები თურქეთში გადმოისროლეს. ეს 2 000-კაციანი ლეგიონი (ლეგიონი ფაშისტების დროშის ქვეშ მებრძოლმა შალვა მაღლაკელიძემ უწოდა, რომელიც ჰიტლერის გამორჩეულად საყვარელი გენერალი იყო) თურქული დროშით იბრძოდა და ცდილობდნენ დაპირისპირებოდნენ ქართველებსა და რუსებს იმისთვის, რომ ტაო-კლარჯეთი, რომელიც მე-18 საუკუნეში შემოუერთდა საქართველოს, დაებრუნებინათ თურქეთისთვის. ამის პარალელურად რუსეთში ძალაუფლება ხელში ბოლშევიკებმა აიღეს და ლენინმა ბრესტის ოლქში გაგზავნა ტროცკი და ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, თურქეთს ჩვენს მიერ მე-18 საუკუნეში შემოერთებული ტერიტორიები გადაეცა. მოხდა ისე, რომ გერმანია დამარცხდა, ამერიკამ და ინგლისმა კი, თურქეთის დაშლა მოინდომეს და სწორედ ამიტომ, ეს ტერიტორიები ძველ საზღვრებში გამოაცხადეს. ანუ საქართველოს მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნდა. შემდგე კი, გარეწარმა ნოე ჟორდანიამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რომ თუკი ისინი მას ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებოდნენ, შემოერთებულ ტერიტორიებს მთლიანად მათ დაუთმობდა, სხვათაშორის, აჭარისა და გურიის ჩათვლით...
- ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა საქართველოს მტრები იყვნენ?
- კი, ასე იყო ნამდვილად... თურქეთი ისე შემოვიდა საქართველოში, რომ თოფიც კი არავის გაუსვრია. ნოე ჟორდანია ის კაცია, რომელმაც ქართული ეკლესია-მონასტრები და მუზეუმები გაძარცვა და ქართული საგანძური გაიტაცა. სწორედ ამ საგანძურით იყიდეს მან და მისმა გარემოცვამ ლევილი და მთელი ცხოვრება ტაშ-ფანდურაში გაატარეს. მეტიც, მან მხოლოდ ბანკები კი არ გაძარცვა, ხორბალი და ქინაქინაც კი არ დაუტოვა აქ ხალხს. ეს მაშინ, როცა მთელი დასავლეთი საქართველო მალარიით იყო დაავადებული.
- ისე ხომ არ გამოდის, რომ „მენშევიკებს“ „ბოლშევიკები“ სჯობდნენ?
- თავად განსაჯეთ. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც ცხენით ჩავიდა ბათუმამდე, ფანჯრიდან შევიდა ნოე ჟორდანიას სახლში და იარაღით დაადგა მას თავზე. სწორედ მან დაუდო ბრძანება იმის შესახებ, რომ გენერალ მაზნიაშვილს აჭარისთვის ბრძოლა უნდა დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ. ჟორდანიამ თავისი სიცოცხლის გადასარჩენად მოაწერა ხელი ამ ბრძანებას, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, იცით, რა იყო? ის, რომ უზარმაზარი ქონება გაჰქონდათ მათ საქართველოდან, მაზნიაშვილის ჯარს კი, არც ტყვია-წამალი გააჩნდა, არც ტანსაცმელი და არც საჭმელი. ყოველივე აუცილებელი მათ ორჯონიკიძის ხალხმა დაურიგა და სწორედ „წითლები“ დაეხმარნენ აჭარიდან თურქების გარეკვაში, მაგრამ, სამწუხაროდ, თურქები სარფს იქით აღარ წავიდნენ... ამ დროს სტალინმა ერთი არაჩვეულებრივი სვლა გაითამაშა. იმ კომისიაში, რომელიც თურქეთსა და ლენინს შორის აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ჩასვა პავლე ინგოროყვა, რომელმაც თურქული მხარე დაარწმუნა, რომ ჩოლოქი და ჭოროხი ერთი და იგივე იყო და საზღვარი, რომელიც ჩოლოქზე უნდა გავლებულიყო, ინგოროყვას ჩარევით, ჭოროხზე გაევლო. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სტალინის მეოხებით მოხდა. სწორედ ასე დარჩა ბათუმი და მთლიანად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში, ჟორდანიამ კი, ეროვნული განძი გაიტაცა და საქართველოდან გაიქცა. მან აქ საკუთარი რეზიდენტები დატოვა, რომლებიც აჯანყებებს აწყობდნენ, ჟორდანია კი, სულაც არ ღელავდა მათი ხოცვა-ჟლეტის გამო. ეს ყველაფერი დიდი შეთქმულება იყო საქართველოს წინააღმდეგ! მადლობა ღმერთს, სტალინმა და ბერიამ ჯაშუშების დაპყრობისგან იხსნეს ქვეყანა და სარდალ კონსტანტინე ლესელიძის დახმარებით, საქართველო გადაარჩინეს.
- თუმცა, საბჭოთა მმართველობამ 70 წელზე მეტ ხანს ვერ გაძლო და კავშირის დაშლის შემდეგ, ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა ეროვნულ გმირებად გამოცხადდნენ...
- შემჯავრდა უკვე ეს სიტყვა - ეროვნული... 90-იანი წლებიდან ისტორიის გადაწერის საოცარი მაგალითები გვხვდება... სწორედ მაშინ ითარგმნა ჰიტლერის წიგნები ქართულად, გმირებად გამოცხადდნენ შალვა მაღლაკელიძე და მისი ლეგიონერები, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც გასაცოდავებულ ხალხს იარაღსა და საჭმელ-სასმელს ართმევდა და ქვეყანას უამრავი ცუდი საქმე გაუკეთა, გმირი კონსტანტინე ლესელიძის მუზეუმი კი, გადაწვეს და ნაცარტუტად აქციეს... აი, რა პერიოდი გამოვიარეთ და აი, რა ხალხი ვაქციეთ გმირებად... 90-იან წლებს მოჰყვა სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც მგონია, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის ბოღმა ჰქონდა... ისტორია საბოლოოდ ყველას და ყველაფერს თავის სახელს მაინც დაარქმევს და ჩვენ გვინდა, ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, ისტორიის სწორ მხარეს დავდგეთ და ყველას შევუშალოთ ხელი, ვინც მის გაყალბებას შეეცდება...
- ქალბატონო მანანა, უამრავი ტელევიზიის, საინფორმაციო სააგენტოების, სოციალური ქსელების, „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ არსებობის პერიოდში, ალბათ, ნაკლებად პოპულარულია ჟურნალ-გაზეთები და სულ უფრო ნაკლები ადამიანი კითხულობს მათ. თქვენი აზრით, რამდენად მოახერხებთ, რომ ასეთი დიდი მოცულობის ჟურნალს ჰყავდეს მკითხველი და იმ მიზანს, რა მიზანიც თქვენ გაქვთ - არ მოხდეს ისტორიის გადაწერა, ბეჭდვითი მედიის საშუალებით მიაღწიოთ?
- ყველამ ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ამ დიად საქმეში და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. სოციალური ქსელები, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ისტორიას არ შემორჩება, ბეჭდვითმა მედიამ კი, უამრავი გამოწვევა გადალახა და თავისი ფუნქცია არ დაკარგა! გონიერი ხალხი, ვისაც ქვეყნის ბედ-იღბალი აინტერესებს, ბეჭდვით მედიას ისევ ეცნობა და სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ფინანსური კრიზისისა და ვალების მიუხედავად, მისი ახალი ნომერი მაინც გამოვცეთ ხოლმე. ჩვენმა ჟურნალმა შეიძლება დესტაბილიზაციის მოსურნე და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ახალგაზრდები არ დააინტერესოს, მაგრამ ის თავის სიტყვასა და სათქმელს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად იტყვის. „კვალი“ უკვალოდ არ გაქრება, „კვალის“ კვალი აუცილებლად შემორჩება ისტორიას!