ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებაში.
პროექტი საქართველოში 2021 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავდა გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას ადგილობრივ მმართველობასა და საზოგადოებაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავების და ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისების ინიციატივების დადებით შედეგებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის. მანვე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს აღნიშნული პროექტის სახით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების მსგავსი ინიციატივებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები.