პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, - 81 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტით „თავდაცვის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც კოდექსის საფუძველზე წარმოეშვა სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ასეთ შემთხვევაში პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, შესაძლებელია დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხის დარეგულირებას. ამ შემთხვევაში, გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება. იმ პირებს კი, რომლებიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით სარგებლობენ, ვერ გადაუვადდებათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა და მათ მიეცემათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმის შერჩევის შესაძლებლობა. კერძოდ, როგორიცაა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე) ან სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.
მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.