"თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნება“ და ამისთვის ვამზადებთ როგორც საკანონმდებლო ბაზას, ისე უზრუნველვყოფთ კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოსაც," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ამომრჩევლის ნდობა და დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ [პარლამენტის საშემოდგომო] სესიის ბოლომდე კონკრეტულ ცვლილებებს მივიღებთ, რომელიც მოთხოვნილი იყო ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად სამართლიან არჩევნებს, სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები იმით, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს კარგად და სამართლიანად. ჩვენ გვაქვს ნდობა ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნება“ და ამისთვის ვამზადებთ როგორც საკანონმდებლო ბაზას, ისე უზრუნველვყოფთ კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოსაც“, - აღნიშნა სამხარაძემ.
მისი თქმით, დისტანციურად ელექტრონული არჩევნების ჩატარება, რასაც ოპოზიცია ემიგრანტებისთვის ითხოვს, დიდ რისკებს შეიცავს.
„რაც შეეხება იმას, თუ რას სურს ოპოზიციას, მათ დააყენეს სრულიად გაუგონარი წინადადება გუშინ თუ გუშინწინ იმასთან დაკავშირებით, რომ დისტანციური არჩევნები ჩავატაროთ იმისთვის, რომ ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა ხმა მისცენ. ჯერ ერთი, სპეციალურად ხდება ტერმინების არევა, რომ საზოგადოებას თავგზა აუბნიონ. ელექტრონული არჩვენები დისტანციურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად ტარდება. გამონაკლისია ორი-სამი სახელმწიფო მხოლოდ. რატომ არ ტარდება, იცით? დიდი რისკია ჰაკერული თავდასხმის და შეიძლება არჩევნების შედეგები საერთოდ თავდაყირა დააყენოს“, - განაცხადა სამხარაძემ.