logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, ბოლო წლებში გატარებულმა ნაპირდაცვითმა ღონისძიებებმა იმუშავა - ზარალის დათვლის შემდეგ არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ
- +

30 ნოემბერი. 2023. 00:04

"საქმე ძალიან მძიმე სტიქიურ მოვლენასთან გვქონდა დაფიქსირდა 8-ბალიანი შტორმი და მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც ბათუმის სანაპირო ზოლი, ასევე ქობულეთის ახალი ბულვარი, "- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.

 

 

„ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ მასშტაბის სტიქიასთან გვაქვს საქმე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თითქმის არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა. სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული და უწყვეტად ხდებოდა რეაგირება. უკვე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. დღეს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ დავალებები დაზიანებული ინფრასტრუქტურის უსწრაფესად აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე დაზარალებული მოქალაქეების, კერძო მეწარმეების დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მიმდინარეობს ამჟამად ზარალის დეტალური დათვლა. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ შტორმს უხვი ნალექი ახლდა და კარგია, რომ მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში შეინიშნებოდა დატბორვა. პოზიტიური ფაქტია ისიც, რომ იმ ნაპირდაცვითმა ღონისძიებებმა, რომელიც ბოლო წლებში გავატარეთ, იმუშავა. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ზიანი კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო და საბედნიეროდ არ გვქონია ადამიანების დაშავების შემთხვევები, ან სხვა მძიმე ფაქტების.

 

 

სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები მიჩვეულები არიან ნებისმიერი თემა, მათ შორის სტიქიური მოვლენებიც დაგვაბრალონ, თუმცა ყველა კარგად ხედავს შავიზღვისპირეთში სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, სადაც შტორმმა დამანგრეველი ეფექტი იქონია. ჩვენ შევძელით რომ ღონისძიებები ძალიან ეფექტურად გაგვეტარებინა და დარწმუნებული ვარ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ და ძალიან მალე აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner