„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ნაციონალებმა“ ბოლო წლებში, თითქმის ყველა ეტაპზე მარცხი განიცადეს.
„ნაციონალური მოძრაობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ეს პარტია, ან ვერა. დღეს ვხედავთ, რომ ფაფხურობენ რაღაცას, რომ კვიპროსიდან ფულებით და „ვივამედიდან“ მანიფესტით რაღაცნაირად გადაარჩინონ ეს პარტია, თუმცა ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ფიზიკურად ვერ თანხმდებიან.
დღეს ჩვენ კი გავუკეთეთ შეთავაზება, რომ ორივემ იაროს - ერთმა ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და მეორემ სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირას ან „ვივამედში“ წავიდნენ და ან კვიპროსზე, მაგრამ ვერ მიაღწევენ ამ შეთანხმებასაც. მიდის ძალიან კარგი პროცესი, ჩვენ სიამოვნებით ვუყურებთ ამას - რაც დათესეს, იმას იმკიან საკუთარ პარტიაში: ქვეყანას ურჩევდნენ რიგგარეშე არჩევნებს და თავად მიიღეს, მეორედ მგონი; ცხელ შემოდგომას და ცივ ზამთარს გვიქადდნენ და ახლა თავად დაუდგათ ცივი ზამთარი; ქვეყანას არეულობას და ომს უსურვებდნენ და თვითონ მიიღეს არეულობა და ომი. ანუ, რეალურად რაც დათესეს, იმას იმკიან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ის აცხადებს, მოვლენების ასეთი განვითარება გასაკვირი არაა, შესაბამისად, ეს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
„ეს ლოგიკური პროცესია და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს 2024 წლისთვის ვინ მოიყვანოს ოპოზიციაში. ხელისუფლებაზე აღარაა ლაპარაკი. მე გგონია, რომ საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რესურსი, გააგრძელოს მმართველობა. მაგრამ თქვენ თუ ხედავთ, ოპოზიცია დღეს ითხოვს დარჩეს ოპოზიციაში, ამის პრობლემა აქვთ. რეალურად ის მეორე ადგილისთვის იბრძვის. მათი დაჟინებული მოთხოვნა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებითაც ამაზე მოასწავებს. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ 2 პროცენტი დაგვიწესეთო. მერე, როცა მიხვდნენ, რომ ეს ძალიან ცუდი მესიჯი იყო, გამოვიდა ვაშაძე და თქვა, ჩვენი ბარიერი 40 პროცენტიაო. ამას მოყვა ხაბეიშვილი, თქვა 16-ია ჩვენიო და ვაშაძე მხოლოდ 3 პროცენტს აიღებსო. აქაც აირივნენ, ეტყობა ხაბეიშვილს 16 მეტი ჰგონია, ვიდრე 40, ანუ ნაციონალურ მოძრაობაში ამაშიც ვერ შეთანხმდნენ.
ყველა ცალ-ცალკე ამბობს, მოვდივართ ხელისუფლებაშიო და ამავდროულად ერთმანეთს მრგვალ მაგიდასთან ეპატიჟებიან, ერთად თუ არ ვიქნებით, ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთო. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ იმიტომ, რომ საზოგადოებისგან არც ნდობა აქვთ და მათმა პატრონებმაც ხელი ჩაიქნიეს მათზე. აქაურ ოპოზიციაზე ფსონი დიდი ხანია დადებული არ აქვთ. რა შეთანხმებაზეა საუბარი, იმაზეც ვერ თანხმდებიან ტრიბუნასთან ვინ დადგება. ამიტომ აუცილებელია, ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლება და ეს იქნება წერტილი, რომ სამომავლოდ ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტია აღარასოდეს აღარ იყოს პოლიტიკურ სპექტრში,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.