logo_geo
eng_logo
პრემიერი: პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა
- +

30 ნოემბერი. 2023. 11:31

 

 

„ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის  ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა.

 

„2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს კი 86 000 000 000 ლარს მიაღწევს არსებული პროგნოზებით. 2023 წლის ბოლოს სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი მოსალოდნელია 8000 აშშ დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

 

ძვირფასო მეგობრებო, ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ, განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი, მწვანე ენერგიის პოტენციალი.

 

ასევე, ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.

 

დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობათა მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ მინისტრთა დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ.

 

დიდი მადლობა!“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner