„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს 2019 წლიდან პანდემიით გამოწვეული ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი კონფერენციის მასპინძლობისთვის“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, მინისტრებო და დელეგატებო, განვითარებაზე ორიენტირებულო პარტნიორებო და სტუმრებო, მოგესალმებით ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის მინისტერიალის 22-ე კონფერენციაზე.
მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს 2019 წლიდან პანდემიით გამოწვეული ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი კონფერენციის მასპინძლობისთვის.
ჩვენი კონფერენციის თემა მეტად აქტუალურია, რადგან რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა გადაჭრის მარტო. მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოება საფრთხეშია. ამასთანავე, იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები.
კლიმატური შოკებიც უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა. ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონალური პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობას და არსებობას. ნება მომეცით გაგაცნოთ, თუ როგორ უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკი რეგიონის ქვეყნებს ამ გამოწვევების დაძლევაში.
როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ბანკი, ჩვენი ამბიციაა ჯამურად 100 მლრდ დოლარით კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების ძალისხმევის დაფინანსება 2019-2030 წლების პერიოდში. გასული წლის მდგომარეობით, 21 მლრდ დოლარი გვაქვს უკვე გაწერილი, საიდანაც 6.5 მლრდ იყო მიმართული ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებისთვის.
ასევე მხარი დავუჭირეთ კაპიტალურ რეფორმებს, რომელთა განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებას მოჰყვება დამატებით 100 მლრდ დოლარი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების 40-პროცენტიანი ზრდა კრიზისების, მათ შორის კლიმატის ცვლილებების, დასაძლევად“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.