"ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა, რომელიც თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ წარადგინა. საკომიტეტო განხილვაში, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2017 წელს დააფიქსირა და 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიის მხრიდან ოფიციალურად გამოითქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დასაწყებად.
ანგარიშის საფუძველზე, სხდომაზე ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები, საქართველოში მოქმედი როუმინგული მომსახურების არსებული მდგომარეობა და გაუმჯობესების პერსპექტივები მიმოიხილეს.
გამოითქვა მოსაზრებები, შესაბამისი უწყებების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის გამოყენებისთვის. მათ შორის, პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების გზით. კომიტეტი ზედამხედველობას გაუწევს ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.
თემატური ანგარიში ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)“, ექსპერტული და ფინანსური ხელშეწყობით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.