logo_geo
eng_logo
როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?! - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები...
- +

1 დეკემბერი. 2023. 12:15

 

 

კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება - აკნე, თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და, გარდა იმისა, რომ ის ვიზუალურადაა თვალშისაცემი და შემაწუხებელი, ხშირად ადამიანის თვითშეფასებაზე, ხასიათსა და განწყობაზეც უარყოფითად აისახება. რა არის აკნე, რა იწვევს მას და როგორ ხდება მისი მკურნალობა... „რეპორტიორის“ კითხვებს  დერმატო-კოსმეტოლოგი ქეთი ფაცურია უპასუხებს.

 

ქალბატონო ქეთი, რა არის აკნე, ძირითადად რა ასაკში უჩნდება ადამიანს ეს პრობლემა და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?

 

- აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად სქესობრივი სიმწიფის, ანუ გარდატეხის ასაკში ვლინდება. მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების, ისე ღია ფერიმჭამელებისა თუ თეთრი, დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციაო ადგილებია - თავის თმიანი არე, სახის არე, გულმკერდისა და ზურგის მიდამოები. აკნე ყველაზე ხშირად სქესობრივი სიმწიფის პერიოდთანაა თანხვედრაში... მისი წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა გახდეს როგორც ანდროგენების სასქესო ჰორმონების წარმოქმნა ორგანიზმში (რაც ცხიმიანობის ზრდას განაპირობებს), ასევე პროპიუმ ბაქტერია, რომელიც კანზე ბინადრობს და, რომლის არსებობის შედეგადაც კანზე ანთებითი პროცესები წარმოიქმნება.

 

- მიუხედავად იმისა, რომ აკნე მხოლოდ მოზარდობის პერიოდში არ უჩნდება ადამიანს, ამ ასაკის გოგო-ბიჭები განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდიან მის წარმოქმნას. რა არის ამ ასაკში აკნესთან  ბრძოლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რას ურჩევდით აკნეთი დაავადებული მოზარდების მშობლებს?

 

- მოზარდობის პერიოდში აკნე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რადგანაც ჰორმონების - ანდროგენებისა და ტესტოსტერონების გამოყოფა მოჭარბებულია, რის შედეგად იმატებს ცხიმოვანი ჯირკვლების  ჰიპერსეკრეცია, ანუ სახის კანი მეტ ცხიმს გამოყოფს და ბაქტერიებისთვისაც ხელსაყრელი პირობები წარმოიქმნება. მშობლებს ვურჩევდი, რომ მათი შვილებისთვის სწორად შეარჩიონ შესაბამისი მოვლითი საშუალებები, ანუ, სახლის პირობებში მკურნალობის შემთხევაში პრობლემური კანისთვის შეარჩიონ ის პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფს გამონაყარის მეტ-ნაკლებ ლოკალიზაციას. აუცილებელია ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, სახის ყოველდღიური დაბანა და დამუშავება, რათა მოშორებულ იქნას ჭუჭყი, კანის მკვდარი უჯრედები და ზედმეტი ცხიმი. აუცილებელია, რომ მექანიკურად არ მოხდეს მისი გაღიზიანება (წვალება), რადგან ეს აუცილებლად უკუშედეგს გამოიღებს და მათ წარმოქმნას მეტად შეუწყობს ხელს. მშობელმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი შვილს, რათა მან აირჩიოს ჯანსაღის ცხოვრების წესი, იკვებოს სწორად, მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, „ჯანქ ფუდსა“ და ტკბილ, გაზიან სასმელზე თქვას უარი, ეს ყოველივე აუცილებელი პირობაა აკნეს მკურნალობის დროს. მესმის, რომ დღეს ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, მიმართოს სპეციალისტს და მკურნალობისთვის ძვირადღირებული საშუალებები შეიძინოს, მაგრამ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თავის მოვლის ბიუჯეტური საშუალებები და მედიკამენტები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი და მათი მეშვეობითაც შეიძლება აკნეს მოვლა და მკურნალობა.

 

- ქალბატონო ქეთი, როგორც ცნობილია, ხშირად აკნე მოწიფულ ასაკში გადასვლის მერე თანდათან იწყებს ალაგებას, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად ეს პრობლემა ზრდასრული ასაკის ადამიანებშიც გვხდება... მოზრდილ ასაკში რა განაპირობებს მის წარმოქმნას და განსხვავებულია თუ არა მკურნალობის სპეციფიკა?

 

- უკვე ზრდასრულ ასაკში იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია აკნეს წარმოქმნა, შესაძლოა რიგი სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვა გახდეს აუცილებელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის გინეკოლოგიურმა თუ ენდოკრინოლოგიურმა ფაქტორებმა. ამიტომ, უნდა მოხდეს პაციენტის სრულფასოვანი კვლევა, რათა დადგინდეს ეს ფაქტორები და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ზრდასრულ ასაკში აკნეს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა, კანის ტიპი ან არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები. ქალბატონებს ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ არ შეარჩიონ ზედმეტად ცხიმოვანი კოსმეტიკური საშუალებები და არ დაიხშოს ფორები, რადგან ეს შემდეგ შესაძლოა აკნეს წარმოქმნის წინაპირობად იქცეს.

 

- რაც შეეხება სეზონებს. ამწვავებს თუ არა აკნეს მდგომარეობას კონკრეტული სეზონი, ანუ მაგალითად, ზაფხულში უფრო რთულდება მისი მდგომარეობა თუ ზამთარში?

 

- მიუხედავად იმისა, რომ აკნე სეზონური დაავადება არ არის, ჭარბმა ინსოლაციამ შესაძლებელია ცხიმოვანი ჯირკვლების გამოყოფის სტიმულაცია მეტად მოახდინოს. ამიტომ, ვინ მზეზე დიდხანს ყოფნის მოყვარულია, უმჯობესია, ეს ფაქტორი გაითვალისწინონ. რომ მოხდეს სახის კანის დაცვა მზის მავნე, ულტრაიისფერი სხივებისგან, SPF-ის გამოყენება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვისაა რეკომენდებული, თუმცა, მათი გამოყენება ორმაგად აუცილებელია ადამიანებისთვის, ვისაც აკნესკენ აქვთ მიდრეკილება.

 

- როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, ხშირად აკნე სახის გარდა, გვხდება თავის ქალაზე, გულმკერდსა თუ ზურგის მიდამოებში. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუკი ამ არეეზე გავრცელდა გამონაყარი?

 

- ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი. უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოების დათვალიერება, გამოკვლევა და მკურნალობის დანიშვნა. მათი მკურნალობა რეტინოიდების საშუალებით ხდება ხოლმე, თუმცა, შესაძლოა, სპეციალისტმა მედიკამენტოზური მკურნალობაც დანიშნოს. თავის სკალპის შემთხვევაში, შესაბამისი შამპუნის შერჩევაც აუცილებელია.

 

- მედიკამენტოზური მკურნალობა ახსენეთ... როდის და რა შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა?

 

- აკნეს ისეთ ფორმას, რომლის დროსაც მას მოცული აქვს მთლიანად სახე (შესაძლებელია ზურგი და გულმკერდის არეც კი), „ვულგარულ აკნეს“ ეძახიან, თუკი გამონაყარი კვანძოვანი და მტკივნეულია, ასეთ დროს აუცილებელი ხდება სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყება. თუმცა, ყველაზე დიდ ეფექტს მედიკამენტებისა და გარეგანი საშუალებების კომბინაციური მკურნალობა იძლევა. ძალიან კარგია რეტინოიდებით მკურნალობა, სეზონური პილინგების გამოყენება, პლაზმოლიფტინგი, აკნეს მეზოთერაპია და ოზონის თერაპია.

 

- აკნეზე არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ნაწიბურები, რომლებსაც აკნე ტოვებს. შესაძლებელია თუ არა პოსტ-აკნე ნაწიბურების მკურნალობა და მათი სრულად მოშორება?

 

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აკნემ შესაძლოა დატოვოს როგორც ნაწიბურები, ისე პიგმენტური ლაქებიც. დერმატო-კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით, მათი ალაგება შესაძლებელია პილინგების, მიკრო-ნიდლინგისა თუ პლაზმო-ლიფტინიგის მეშვეობით, რომელიც კანის რეგენერაციის პროცესს უწყობს ხელს და ახორცებს პოსტ-აკნე ნაწიბურებს. ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა ლაზერული აბლაცია, რომელიც ლაქებსა და ნაწიბურებს ასადავებს.

 

- და ბოლოს, ქალბატონო ქეთი, იმისათვის, რომ გვქონდეს ჯანსაღი კანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის როლზეც რომ გვითხრათ ორიოდ სიტყვა...

 

- კანი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და გამომდინარე აქედან, თუკი რაიმე შინაგანი პრობლემები გვაქვს, ის პირველ რიგში სწორედ კანის ზედაპირზე აისახება. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ გვქონდეს ჯანსაღი კანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია! პაციენტისთვის სპორტული აქტივობებით დაკავება და ვარჯიში აკნეს მკურნალობის თანმხლები პროცესი უნდა იყოს, ასევე დიეტა და სწორი კვება. იმისათვის, რომ პაციენტი განიკურნოს აკნესგან, აუცილებელია, მან მიიღოს მეტი ბოსტნეული და ხილი და, რაც მთავარია, სვას ბევრი წყალი, ვინაიდან სწორედ წყალი ასრულებს უზარმაზარ როლს იმაში, რომ გვქონდეს ჯანსაღი კანი. პაციენტებს ვურჩევ, მკურნალობის პროცესში უარი თქვან რძიან შოკოლადზე, ჩიფსებზე, ტკბილ გაზიან სასმელებსა და „ჯანქ ფუდებზე“, რათა მკურნალობამ შედეგი გაცილებით მალე და გაცილებით დიდი ეფექტით გამოიღოს.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner