ლაშა ხუციშვილი და ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„გრძელდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას ვიზიტი საქართველოში. დღეს მაღალი რანგის სტუმარს შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.
ეკონომიური გუნდის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ADB-სგან იღებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მათ შორისაა: საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური, ურბანული, ენერგეტიკისა და განათლების პროექტები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს კერძო სექტორის განვითარებაში.
მინისტრებმა მაღალი რანგის სტუმარს გააცნეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკური, ისე ტურისტული პოტენციალის გაზრდისკენ, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთდერეფნების მშენებლობის კუთხით, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარების საქმეში, ასევე, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მომავალი წლის მაისში თბილისი უმასპინძლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.