"ქალბატონო სალომე, მინდა შეგახსენოთ, რა ძალისხმევა გასწია „ქართულმა ოცნებამ“, მისმა წევრებმა და მხარდამჭერებმა რომ თქვენ გაპრეზიდენტებულიყავით, იქნებ რამენაირად ძალა მოვიკრიბოთ და 15 დეკემბრამდე მაინც დავანებოთ თავი ამ უსაგნო მოძრაობას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და 2024-ის შემდეგ ყველაფერი გვაჩვენებს, საზოგადოება განსჯის, ჩვენ ვართ მართლები, ქალბატონი სალომე თუ სხვა" - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უდიდესი რწმენა ჰქონდა, რომ ეს ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს წინ წაწევდა.
„ძალიან გული მწყდება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არავის არასოდეს არაფერს ვაყვედრი, 54 მუნიციპალიტეტში მყავს წარდგენილი, არა როგორც მომავალი პრეზიდენტი, არამედ პირველი ქალი პრეზიდენტი. უდიდესი რწმენა მქონდა, რომ ეს ევროპელი პოლიტიკოსი, სულით და ხორცით, საქართველოს წინ წაწევდა, ბოლო წუთამდე, ვიდრე არ დაიწყო მისი ვიზიტების კრიტიკა მაგალითად ლატვიის პრეზიდენტმა. ლატვია მათ შორის ბალტებშიც კი გამორჩეული იყო თავისი სიმშვიდით. მე ლატვიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლატვიის საპატიო კონსული ვარ და არასოდეს მახსოვს, რომ მათ რაღაც დევიაცია და განსაკუთრებული განცხადება ჰქონოდეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.