logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებზე მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა
- +

2 დეკემბერი. 2023. 13:11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მონაწილეობდა კონფერენციაში - „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში“, რომელიც ეძღვნება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს.

 

 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.

 

 

„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების, განსაკუთრებით კი, ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.

 

 

ჩვენ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის გაუმჯობესების კუთხით უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, როგორც სკოლებისთვის, ასევე, განათლების სხვა საფეხურებისთვის. ამასთან, სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და დანერგვის კუთხით. შედეგად, მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში ბრიტანულ-ქართული დიალოგის გაღრმავებას, ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

 

 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინგლისური ენის სტრატეგიის როლი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან, გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალებს შორის სწავლებისა და შეფასების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და, ამავე დროს, შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, სწავლებისა და შეფასების სპეციალისტებმა, ინგლისური ენის მასწავლებლებმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner