გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი, – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი(ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ლელა(რ. ლაღიძის „ლელა“), ტატიანა(პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი, მიმ (პუჩინის „ჩიო–ჩიო–სანი“, „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“), ელზა(ვაგნერის „ლოენგრინი“).
1981 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 1971 წელს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.