ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში საგარეჯოში უშუალო კონკურენტ „გარეჯთან“ მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა, პირველი ადგილი დაიკავა და ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.
ამასთან დაკავშირებით გუნდის მფლობელმა, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ფოთის კლუბის წარმატებაში წვლილი შეიტანეს, მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი კლუბის დირექტორს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, კლუბში მომუშავე პერსონალს, გულშემატკივრებს, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას, მედიას, ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც „კოლხეთის“ ამ წარმატებაში წვლილი შეიტანეს“ – წერია ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მფლობელის, მამუკა ჯუღელის განცხადებაში.
მამუკა ჯუღელი ფოთის „კოლხეთს“ 2022 წლიდან მართავს, მაშინ გუნდი საქართველოს მესამე ლიგაში თამაშობდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კი საქართველოს უძველესმა კლუბმა ჯერ ლიგა 3-ში გაიმარჯვა, ხოლო შემდეგ – ლიგა 2-ში.