logo_geo
eng_logo
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
- +

2 დეკემბერი. 2023. 22:10

 

 

დღეს გერმანიაში, ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში, ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელსაც ფინალურ ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდეს.

 

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

 

ქართველი ფეხბურთელები პლეი-ოფის პირველ შეხვედრას, რომელშიც როგორც ცნობილია, გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება, 21 მარტს, საქართველოში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთის და ყაზახეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და ლუქსემბურგთან წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს, თბილისში, „დინამო არენაზე“, 26 მარტს დაუპირისპირდება, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

 

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლის გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. დღესვე, წილისყრის წინ, UEFA-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნები ფულადი პრიზის სახით, 9.25 მილიონ ევროს მიიღებენ, მაქსიმუმი საპრიზო თანხა, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონი გუნდი ყველა შეხვედრას მოიგებს, კი 28.25 მილიონი ევროა.

 

ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები:

 

A ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია.

 

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი.

 

C ჯგუფი: სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი.

 

D ჯგუფი: A ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი.

 

E ჯგუფი: ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, B ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული.

 

F ჯგუფი: თურქეთი, C ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული, პორტუგალია, ჩეხეთი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner