logo_geo
eng_logo
ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
- +

3 დეკემბერი. 2023. 10:47

 

 

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიის ქალაქ ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა 14 ოქტომბერს გაიხსნა და 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

ექსპოზიცია 1 დეკემბერს დაათვალიერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა მაგდა გურულმა. გამოფენაზე წარმოდგენილი 143 ექსპონატი - აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და ძაფების ნიმუშები საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ასახავს.

 

გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის ავტორია ბელგიელი მხატვარი ჟან-ლუკ პეტი. მუზეუმმა წარადგინა ვიზუალური ხელოვნების ოსტატის, თამუნა ჭაბაშვილის, ორი ნამუშევარიც - „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ და „მოსასხამი“. ეს სხვადასხვა ბეჭდვის ტექნიკით შესრულებული ქსოვილის ინსტალაციაა, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის არქივით, მათ შორის - საბჭოთა პერიოდის ქსოვილებით არის შთაგონებული და სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.

 

 როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვების გზაზე.

 

საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme.

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner