„ჩვენ ვგეგმავთ, რომ 9 ნაბიჯი შევასრულოთ მომდევნო წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ შევძლებთ, ევროკავშირისგან თანხმობა მივიღოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ - გაიხსნას ჩვენთვის მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას განუცხადა.
სამხარაძემ ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვთ მათ რადიკალური ოპოზიციისგან აღნიშნულ სამუშაო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის რესურსი დღითიდღე მცირდება“.
„ყველამ კარგად გაიგო, თუ რა ამოძრავებთ მათ. ჩვენთან საუბარშიც ხშირად უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება - ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიოდნენ და პირიქით, ითხოვდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ მავნებლობის მცდელობები მათ ექნებათ. თუმცა, არა მგონია, ეს რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ეს ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრი სამუშაო პროცესში იქნება ჩართული.
„არ მინდა, მთელი ოპოზიცია ერთ ქვაბში მოვხარშოთ, რადგან ჩვენ გვყავს ოპოზიციური ძალები, რომლებიც 12 პუნქტის დროსაც მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფებში. მათ უკვე ღიად დააფიქსირეს მზაობა, რომ გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა ეს ოპოზიციის მცირე ნაწილია. დიდი ნაწილი, მათ შორის დიდი ოპოზიციური პარტია, ამ ჯგუფებში არ მონაწილეობდა და ახლაც არ მგონია, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამ სამუშაოში. თუმცა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.